GE

სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში საკონსტიტუციო სარჩელის პრეზენტაცია

14 დეკემბერი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში  7 დეკემბერს გამართა საკონსტიტუციო სარჩელის პრეზენტაცია, რომელზეც მუშაობდნენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები მარიამ სვანიძე, მარი ჯიქიძე, ნატა წნორიაშვილი, ნიკა ბაქრაძე, თამარ ტყეშელაშვილი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ლუკა ტაკიძე და ანა პაიჭაძე.

სარჩელის მომზადებას ხელმძღვანელობდნენ ვასილ ჟიჟიაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ზურაბ კვირკვაია - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.

საკონსტიტუციო სარჩელი მიზნად ისახავს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას, რომლითაც იზღუდება გვარის შეცვლის შესაძლებლობა კანონში მითითებული კონკრეტული შემთხვევების გარდა. სარჩელში გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა განსაკუთრებით დაეხმარება იმ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, რომელთა გვარებიც საბჭოთა კავშირის ოკუპაციის პერიოდში შეიცვალა არაავთენტური გვარებით, ახლა კი კანონმდებლობა მათ არ აძლევს შესაძლებლობას დაიბრუნონ ეროვნული უმცირესობებისთვის ავთენტური გვარები.

მოსარჩელეები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „სალამის“ წევრები, რომლებიც აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მეორე წელია აწარმოებენ კამპანიას „გვარი დამიბრუნე“.

პრეზენტაციის დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „სალამის“ გამგეობის წევრმა აიჰან ჰასანლიმ ისაუბრა საბჭოთა კავშირის ოკუპაციის პერიოდში გვარების შეცვლის ისტორიაზე, იმ გზებზე, რომლებითაც ორგანიზაცია „სალამი“ წლების განმავლობაში ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას, ხოლო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა თამარ ტყეშელაშვილმა და მარიამ სვანიძემ მიმოიხილეს საკონსტიტუციო სარჩელის სამართლებრივი ასპექტები. შეხვედრას მოდერაციას უწევდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ვასილ ჟიჟიაშვილი.

Სარჩელი Შიგნით 1 Სარჩელი Შიდა