GE

სამართლის სკოლის სტუდენტები ვილემ ვისის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესზე

06 აპრილი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა, სოფო ზაუტაშვილის, ანა ჩიქოვანის, ალეკო ნანაძისა და ინგა ნათელაურის შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული პროცესის საერთაშორისო რაუნდებში, ქალაქ ვენაში, ავსტრიაში.

შეჯიბრის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა ფეისის უნივერსიტეტის (Pace University), სორბონის უნივერსიტეტის (University Pantheon-Sorbonne (Paris I), ინდონეზიის უნივერსიტეტისა (Gadjah Mada University) და სან-პაულოს უნივერსიტეტის (Pontifical Catholic University of Sao Paulo) გუნდებს. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდის თითოეულმა წევრმა წარმოადგინა როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის პოზიცია.

საერთაშორისო რაუნდების განმავლობაში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდის წევრებმა ჟიურისგან ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურეს. გუნდი გამოირჩეოდა სამართლებრივი საკითხების, კაზუსის ფაქტობრივი გარემოებების და საარბიტრაჟო წარმოების სპეციფიკის ცოდნით, ასევე, ზეპირი გამოსვლის უნარებით.

გუნდის წევრებისთვის ვის მუთის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რომლის შედეგადაც საფუძვლიანად შეისწავლეს საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის და საერთაშორისო ნასყიდობის სამართლის სფერო და ასევე შეიძინეს იურისტის პროფესიისათვის აუცილებელი უნარები.

ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული პროცესი საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში არის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი შეჯიბრი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო კომერციული სამართლისა და საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესწავლასა და საარბიტრაჟო წესით დავების განხილვისათვის საჭირო შესაბამისი უნარების ჩამოყალიბებას. შეჯიბრი დაარსდა 1994 წელს და მასში დღეისათვის მონაწილეობას იღებს 300-მდე გუნდი.

პროცესის ყოველი პრობლემა ხვდება გაეროს "საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულებათა შესახებ" (CISG) კონვენციის გამოყენების სფეროში, ხოლო პროცედურული საკითხები წყდება არბიტრაჟის მიერ იმ სახელმწიფოში რომლის კანონმდებლობაც დაფუძნებულია UNCITRAL-ის სამოდელო კანონზე საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში და არის გაეროს "უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ" (1958) კონვენციის წევრი სახელმწიფო. ყოველწლიურად გამოიყენება რომელიმე თანადამფინანსებელი დაწესებულების საარბიტრაჟო წესები.

2014-2015 წლების იმიტირებული პროცესის კაზუსი შეეხებოდა სასწრაფო არბიტრის კომპეტენციის, დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების დანიშვნის, საარბიტრაჟო დავაში მესამე მხარის ჩართვის, ასევე, საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის და არსებითი დარღვევის საკითხებს საერთაშორისო ნასყიდობის სამართალში.