GE

სამართლის სკოლის სტუდენტების წარმატება

14 მაისი 2014

ვილემ ვისის სახელობის იმიტირებულ პროცესში საერთაშორისო არბიტრაჟში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტების გუნდმა უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა. 

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი იმიტირებულ პროცესზე წელს ანა ქოჩიაშვილმა, თამარ ჟუჟუნაძემ, ლევან ქანთარიამ, ვახტანგ გიორგაძემ და ნინო დუნდუამ წარმოადგინეს, რომლებიც შიდა კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. უნივერსიტეტის გუნდს თაკო მორჩილაძე და გიორგი სვანაძე ხელმძღვანელობდნენ. 

გუნდის ყველა მონაწილემ არბიტრებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა. შოტლანდიელი არბიტრის ჯონ ნიკოლსონის განსაკუთრებული აღფთოვანება სტუდენტების კვალიფიციურობამ და მომზადების დონემ გამოიწვია.

გუნდის მონაწილეები იმიტირებული პროცესისთვის შვიდი თვის მანძილზე ემზადებოდნენ, რა დროსაც იკვლევდნენ და აანალიზებდნენ სამართლებრივ საკითხებს, მუშაობდნენ კაზუსზე, ამზადებდნენ წერილობით მემორანდუმებს მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებისთვის და ემზადებოდნენ ზეპირი გამოსვლებისთვის. გუნდის წევრებს პრაქტიკის გავლის საშუალება ჰქონდათ, როგორც ქართველ იურისტებთან, იმიტირებული საარბიტრაჟო პროცესების ფარგლებში, ასევე სპეციალურ მოსამზადებელ იმიტირებულ პროცესებზე საქართველოს და საერთაშორისო უნივერსიტეტების სტუდენტების გუნდებთან.

ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული პროცესი ყოველწიულად ვენაში, ავსტრიაში იმართება და მასში 300-მდე გუნდი მონაწილეობს. 2014 წლის იმიტირებული პროცესი ეხებოდა საარბიტრაჟო ტრიბუნალის კომპეტენციის, დავების კონსოლიდაციის, სტანდარტული პირობებისა და გამოსაყენებელი სამართლის საკითხებს საერთაშორისო ნასყიდობის სამართალში. 

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მუდმივად უწყობს ხელს სტუდენტების მონაწილეობას სხვადასხვა სახის იმიტირებულ პროცესებში, რომელიც მნიშვნელოვანია პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისა და სამართლებრივი საკითხების სიღრმისეულად შესწავლისათვის.

ვილემ ვისის სახელობის იმიტირებულ პროცესზე სტუდენტების გუნდის მონაწილეობა, თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად, შემდეგი იურიდიული კომპანიების მიერ იყო უზრუნველყოფილი: Legal Partners Associated LLC, იურიდიული ფირმა BLC, BGI Legal, საადვოკატო ბიურო „კორძახია, ჟღენტი“, კორძაძის საადვოკატო ბიურო.