GE

სამართლის სკოლის სტუდენტებმა მორიგი სასამართლო დავა მოიგეს

13 ივნისი 2015

სამართლის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტები ანი ხოჯელანი და ნინო სიხარულიძე, სამართლის სკოლის კლინიკების ფარგლებში, მოსარჩელე მხარეს - მედიის განვითარების ფონდს წარმოადგენდნენ.

სტუდენტების მიერ მომზადებული სასარჩელო განცხადებით, მედიის განვითარების ფონდი ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ 2013-2014 წლებში მედია საშუალებებისთვის გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის სრულად გასაჯაროვებას ითხოვდა.

ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რომლითაც მოსარჩლეს ინფორმაციის სრულყოფილად გაცემაზე უარი იმ მოტივით ეთქვა, რომ სააგენტო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს წარმოადგენდა, ხოლო მედიაში გადარიცხვები საბიუჯეტო სახსრებით განხორციელებული არ იყო.

სტუდენტებმა მოთხოვნის დასაბუთების დროს, სხვა არგუმენტებთან ერთად ასევე წარადგინეს საერთაშორისო სამართლის, სხვადასხვა ევროპული და ამერიკული ქვეყნების პრაქტიკის მიმოხილვა ინფორმაციის საჯაროობის სტანდარტებთან დაკავშირებით.

მოსამართლემ გაიზიარა მოსარჩლე მხარის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტო თავისი ფუნქციებით საჯარო სამართლის უფლებამოსილების მატარებელია, რაც მას საჯარო ინფორმაციის გაცემას ავალდებულებს. მოპასუხეს - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს  მოთხოვილი ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა დაეკისრა.