GE

სამყარო ტყუილის გარეშე

20 აპრილი 2021


რთული წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა სამყარო, სადაც ტყუილი არ არსებობს; სადაც ადამიანები ამბობენ არაფერს, გარდა სიმართლისა. ტყუილს ცუდი „რეპუტაცია“ აქვს. სიმართლის თქმა კი, როგორც წესი, მიჩნეულია სასურველ და კარგ საქციელად. დეონტოლოგიური ხედვა, კანტიც ამ ფენომენს „აბსოლუტურად“ უყურებდა და მიაჩნდა, რომ ტყუილი თავისთავადაა ცუდი და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მის თავიდან არიდებას; როგორც წესი, ტყუილის შედეგი ცუდია, ამიტომ არ უნდა ვთქვათ, თუ მაინც და მაინც ექსტრემალურ, გამოუვალ სიტუაციაში არ ვიმყოფებით - ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, თითქოს, პასუხი აშკარაა - დიახ, მენდომებოდა ცხოვრება სამყაროში, სადაც ტყუილი არ არსებობს. სიმართლე წესრიგთან, სიმშვიდესთან ასოცირდება, ტყუილი კი აღნიშნულ ცნებათაგან განსხვავებული შინაარსით არის დანახული. თუმცაღა აღნიშნული პასუხი, ვფიქრობ, მაინც არ არის ისეთი მკაფიო და ერთსახოვნად უეჭველად მისაღები, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
დავიწყოთ იქიდან, რომ დეონტოლოგია, იმისათვის, რომ განსაზღვროს თუ რა არის სწორი საქციელი და განასხვავოს ის არასწორისგან, იყენებს წესებს. განმარტავს, რომ უბრალოდ უნდა დავემორჩილოთ კანონებს და შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა; რაც წესრიგის, ყოველთვის სასურველი შედეგის მიღწევის წინაპირობა უნდა იყოს, მაგრამ... მიუხედავად იმ აშკარა დადებითი მხარისა, რასაც სიმართლის თქმა განაპირობებს, მაინც არ შეიძლება ასე გადაჭრით ვთქვათ, რომ სიმართლის თქმა ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში ყველაზე კარგი ვარიანტია. მაგალითად, მკვლელმა რომ გვკითხოს ვიცით თუ არა კონკრეტული ადამიანის ადგილსამყოფელი და ჩვენ ამ მომენტში სიმართლის თქმა ვარჩიოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უფრო „ეთიკურად“ არის მიჩნეული, შედეგი უფრო ცუდი იქნება, ვიდრე იქნებოდა ტყუილის თქმის შემთხვევაში წარმოდგენილი სურათი. შეიძლება ითქვას, რომ არც თუ ისე იშვიათად ტყუილი უფრო სარგებლის მომტანია; და, როგორც მოყვანილი მაგალითის საფუძველზე დავინახეთ, ზედმეტი პატიოსნება (სიმართლის თქმა) ზოგჯერ შეიძლება საშიშიც კი იყოს.
სიმართლის თქმა, რა თქმა უნდა, ზოგადი აღქმით, კარგია, თუმცა, ვფიქრობ, რომ ის მორალური პრინციპი, რომელიც გვეუბნება, რომ სიმართლის თქმა მოვალეობაა, სოციუმის / საზოგადოების (მშვიდობიანად) არსებობას გახდიდა შეუძლებელს იმ შემთხვევაში თუ ამ იდეას ცალმხრივად და „უსაზღვროდ“, ზედმეტად ზოგადად გავიგებდით.
მარკ ტვენს ნათქვამი აქვს: „სიმართლე არის ყველაზე ღირებული რამ, რაც გაგვაჩნია. მოდით ეკონომიურად გამოვიყენოთ ის“ („Truth is the most valuable thing we have. Let us economize it“). მსგავსი შინაარსის მატარებელია შემდეგი ფრაზაც: „იყავი ეკონომიური სიმართლესთან მიმართებაში“ (“being economical with the truth”); რაც, ფაქტობრივად, გულისხმობს, რომ ზედმეტი არაფერი ვარგა, ეკონომიურობა და ბალანსის შენარჩუნება, რადიკალურად არც ერთ მხარეს ყოფნა საბოლოოდ უფრო სასურველი შედეგის წინაშე აღმოგვაჩენს.
ანუ იდეა ისაა, რომ, იმისდა მიუხედავად, რომ სიმართლის თქმა მართლაც ღირებულია, ის მაინც არ არის „უზენაესი“ - ზოგჯერ სხვა ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმართლის თქმა; თუნდაც სიცოცხლის გადარჩენა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ა.შ. სწორედ მსგავსი „პრინციპით“ იმართება სახელმწიფოც, „რეგულირდება“ სოციუმების ურთიერთმიმართება, თანაცხოვრება. ომიანობის, პოლიტიკური პროცესების დროს ძალიან ხშირად იტყუებიან - ვერ ვიტყვი და არც ვამბობ, რომ ეს სწორია ან ტყუილზე დაფუძნებულ „რეალობას“ ვამართლებ, მაგრამ ვხედავ იმასაც, რომ ამხელა სტრუქტურების, საზოგადოებების არსებობა ძალიან ქაოსური, რთულად დასარეგულირებელი იქნებოდა ამ ეთიკურ-მორალური პრინციპების ზომიერი დარღვევის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ ძალაუფლების მქონე / ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მხრიდან ნათქვამი ტყუილი უფრო რაციონალურად, აუცილებლობადაც კი არის დანახული, რაც ისევ და ისევ ამ ორგანიზაციაში წესრიგის შენარჩუნების მცდელობას ემსახურება.
რომ წარმოვიდგინოთ სამყარო, სადაც უცებ ყველა მხოლოდ სიმართლის თქმას იწყებს, დაახლოებით მესახება პანდორას ყუთის გახსნის შემდგომ დატრიალებული ქაოსის, გაურკვევლობისა და დაბნეულობის მსგავს სურათად. აქ კი მახსენდება მოსაზრება, რომლის მიხედვითაც „ცოტა ადამიანს თუ შეუძლია სუფთა სიმართლის ატანა შეუჩერებლად / დიდი სიხშირით“ ("Few people can tolerate the unadulterated truth on a nonstop basis“). ხალხის ნაწილი იმასაც კი ამბობს, რომ ტყუილის გარეშე კაცობრიობა სასოწარკვეთისა და მოწყენილობისგან მოკვდებოდა. აღნიშნული ფენომენი იმდენად მასშტაბური და ორსახოვანია, რომ შეუძლებელია წინასწარი თეორიული განსაზღვრის საფუძველზე „სწორ“ პასუხამდე მისვლა, თუმცა ის კი მართალია, რომ ზოგჯერ სწორედაც რომ ტყუილი არის საუკეთესო გზა წესრიგისა და სიმშვიდის შენარჩუნებისთვის.