GE

საქართველომ იმიტირებული სასამართლო პროცესების საერთაშორისო შეჯიბრს (CEEMC) უმასპინძლა

04 მაისი 2015

1-3 მაისს საქართველომ უმასპინძლა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრს (CEEMC) სტუდენტებისთვის.

შეჯიბრში 11 ქვეყნის 19 უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. მათ შორის ორი ქართული გუნდი - თავისუფალი და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები.

CEEMC-ის გახსნის ცერემონიას კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა უმასპინძლა.

შეჯიბრის შესარჩევი ეტაპი და ნახევარფინალები უზანაეს სასამართლოში ჩატარდა. ნახევარფინალში ერთადერთი ქართული სასწავლებელი, თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი გადავიდა და 8 საუკეთესოს შორის მოხვდა.

ნახევაფრინალური ტური საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა და ფინალში ლუბლიანასა (სლოვენია) და სოფიას (ბულგარეთი) გუნდები გავიდნენ.

ფინალს საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა და მოსამართლეების გადაწყვეტილებით ლუბლიანას უნივერსიტეტმა გაიმარჯვა.

საუკეთესო სპიკერი თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, მარიამ მოსეშვილი გახდა, რომელიც 1 კვირინ სტაჟირებაზე ლუქქსემბურგში გაემგზავრება.

შეჯიბრი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ღონისძიებას ევროპის მასშტაბით. მისი უმთავრესი მიზანი ევროპის კავშირის სამართლის სიღრმისეული სწავლა და პოპულარიზაციაა.

CEEMC ყოველ წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ასეთი მასშტაბური სტუდენტური ღონისძიების მასპინძელი საქართველო არასდროს ყოფილა. საქართველოში შეჯიბრის თანაორგანიზატორი  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი იყო.

CEEMC 1994 წლიდან ტარდება კემბრიჯის უნივერსიტეტის (ინგლისი) და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს (EU Court of Justice) ეგიდით და მას ორგანიზებას  კემბრიჯის უნივერსიტეტის ბრიტანული სამართლის ცენტრი უწევს.

იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი  ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს სიმულაციას წარმოადგენს. სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტების გუნდები პრობლემატურ სამართლებრივ საკითხებზე პასუხებს მსოფლიოში ცნობილ იურისტებთან ერთად ეძებენ, რომლებიც იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მოსამართლეების როლში გამოდიან.

ორგანიზატორები:

-         ბრიტანული სამართლის ცენტრი;

-         თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.

შეჯიბრის დონორი ორგანიზაციები საქართველოში:

-         ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი „ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, პროექტს ახორციელებს „Human Dynamics”

-         გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)

-         გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

-         ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო

-         საერთაშორისო იურიდიული კომპანია დეკერტი

-         იურიდიული ფირმა LPA

შეჯიბრის პარტნიორი ორგანიზაციები:

-         საქართველოს უზენაესი სასამართლო

-         საქართველო პარლამენტი