GE

საველე პრაქტიკა

10 ივლისი 2013

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების 600-ზე მეტი პირველკურსელი სტუდენტი პრაქტიკაზე საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გაემგზავრა.

10 ივლისს დაწყებული საველე პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, დაასუფთავებენ და მოაწყობენ სარეკრეაციო ზონებს ტურისტებისთვის, დაეხმარებიან ადგილობრივ თემებს და განახორციელებენ დაცული ტერიტორიების პატრულირებას რეინჯერებთან ერთად.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, საფუძველს უყრიან პრაქტიკული განათლების ინოვაციურ მიდგომას.

პროექტის ფარგლებში სტუდენტების 3 ნაკადი დაცულ ტერიტორებზე 10 დღეს გაატარებს. კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს განუვითაროს საველე პირობებში გამოწვევებთან გამკლავებისა და ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევები. ასეთი პრაქტიკა ყოველ წელს ჩატარდება ახალი თაობის სტუდენტებისათვის.

უნივერსიტეტები მადლობას უხდიან დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლობისათვის.