საზაფხულო სკოლა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის
12 ივნისი 2014
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის აწყობს საზაფხულო სკოლას გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმების თაობაზე.
საზაფხულო სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების და საქართველოს მიმართ გამოცემული რეკომენდაციების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ცოდნის გაღრმავებას და უნარების განვითარებას.
საზაფხულო სკოლის თემატიკა:
- გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო (Human Rights Council) და უნივერსალური პერიოდული განხილვის მექანიზმი (Universal Periodic Review);
- გაეროს ფარგლებში მიღებული ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სტანდარტები (ICCPR, CAT, CERD, CEDAW, CRC, etc.) და ე.წ. სახელშეკრულებო ორგანოების მიერ საქართველოს მიმართ გამოცემული რეკომენდაციები (მაგ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი);
- ინდივიდუალური განაცხადების წარდგენის პროცედურები და სტანდარტები;
- არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან, უნივერსალურ პერიოდულ განხილვის მექანიზთან და სახელშეკრულებო ორგანოებთან.
ამასთან, სკოლის მსვლელობისას ყურადღება დაეთმობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ალტერნატიული (ჩრდილოვანი) ანგარიშების მომზადების სტანდარტებს და წესებს.
ტრენინგებს წარუძღვებიან ადამიანის უფლებათა სფეროში, განსაკუთრებით კი გაეროს მექანიზმებთან მუშაობის/თანამშრომლობის გამოცდილების მქონე ექსპერტები .
საზაფხულო სკოლა გაიმართება ბაზალეთის სასწავლო ცენტრში 2014 წლის 28 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით.
მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი: საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნდა წარადგინონ რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: nihr@freeuni.edu.ge წერილის სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს: საზაფხულო სკოლა გაეროს მექანიზმების შესახებ.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2014 წლის 10 ივლისი - 18:00 საათი.
შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ერთზე მეტი კანდიდატი.
შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის ან/და მონიტორინგის გამოცდილების მქონე პირებს.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა. ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას თბილისიდან ბაზალეთის სასწავლო ცენტრამდე და უკან.