GE

საზაფხულო სკოლა „რელიგიის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკაში”

13 სექტემბერი 2017

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიხსნა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის საზაფხულო სკოლა „რელიგიის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკაში".

სკოლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუშმა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა ნათია ხანთაძემ.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები ლექციებს მოისმენენ შემდეგ თემებზე: რელიგიის თავისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა რელიგიის თავისუფლებასთან მიმართებით; რელიგიური ასოციაციები და სეკულარიზმისა და სეკულარობის ცვალებადი ცნებები ევროპის სახელმწიფოებსა და საზოგადოებაში და სხვა.

საზაფხულო სკოლის ლექციებს გაუძღვებიან საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტები და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე, ვოშბერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ბილ რიჩი. საზაფხულო სკოლის მსმენელებს საშუალება ექნებათ, გამართონ იმიტირებული სასამართლო პროცესები.

მსმენელებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცემათ.

საზაფხულო სკოლა ტარდება აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში"(USAID/PROLoG) პროგრამის ფარგლებში. სკოლა, ასევე, მხარდაჭერილია GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების" პროგრამის მიერ.