GE

საზაფხულო სკოლა თემაზე “გამოხატვის თავისუფლება“ ჩატარდა

20 სექტემბერი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერით, 2023 წლის 6-10 სექტემბერს ჩატარდა საზაფხულო სკოლა თემაზე “გამოხატვის თავისუფლება - ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა“. საზაფხულო სკოლა ჩატარდა ქალაქ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

საზაფხულო სკოლა 4 დღეს გაგრძელდა და მასში 20 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას საქართველოს 8 უნივერსიტეტიდან: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), საქართველოს უნივერსიტეტი, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.

საზაფხულო სკოლის ლექციებს უძღვებოდნენ: გიორგი ბურჯანაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; გიორგი ბერაია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ედუარდ მარიკაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე.

საზაფხულო სკოლის სასესიო პერიოდის ფარგლებში სტუდენტებმა მოისმინეს მოხსენებები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: გამოხატვის თავისუფლების არსი და მნიშვნელობა - რატომ არის ის აუცილებელი და რატომ ვერ იარსებებს დემოკრატიული სახელმწიფო მის გარეშე; გამოხატვის თავისუფლების ევროპული და ამერიკული გაგება, მათ შორის სხვაობა და მსგავსება; გამოხატვის თავისუფლება და ჟურნალისტები/აქტივისტები; მართლმსაჯულება და გამოხატვის თავისუფლება; კონფლიქტი გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიის თავისუფლებას შორის, გამოწვევები და ინტერესების დაბალანსების გზები და სხვა.

საზაფხულო სკოლის ბოლო დღე დაეთმო იმიტირებულ პროცესებს, სადაც სტუდენტებმა მათთვის გაგზავნილ საქმეზე მოამზადეს საკონსტიტუციო სარჩელი და შესაგებელი და წარადგინეს საკუთარი პოზიციები. სტუდენტები განაწილდნენ 6 ჯგუფად, ჩატარდა 3 იმიტირებული პროცესი, სადაც მოსამართლეების როლში იყვნენ როგორც საზაფხულო სკოლის სპიკერები, ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები.

საზაფხულო სკოლა ჩატარდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

Საზაფხულო Სკოლა