GE

სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის ხედვა

23 თებერვალი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის (HSNs) მისია სამეცნიერო კვლევების წარმოებაა.  მასში გაერთიანებული პროგრამები შექმნილია თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში არსებული სკოლების და მათი აკადემიური პერსონალის ინტეგრირებული თანამშრომლობის საფუძველზე.

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის კონცეფცია ითვალისწინებს ახალი თაობის მეცნიერებისა და პრაქტიკოსების ერთ აკადემიურ სივრცეში თავმოყრას, რათა დაგეგმონ, განავითარონ და დახვეწონ თავიანთი კვლევები და ამავდროულად, საკუთარი წვლილი შეიტანონ ინტერდისციპლინური და უნივერსიტეტთაშორისი კვლევების განვითარებაში.

სკოლის მიზანია შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც მომიჯნავე დისციპლინის მეცნიერები ერთობლივად იკვლევენ სამეცნიერო ცოდნის გაღრმავებისა და გაფართოებისთვის.

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის კვლევით საქმიანობაში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის გარდა სხვა ქვეყნებში მოღვაწე მეცნიერები და მკვლევარები მონაწილეობენ, რის შედეგადაც, მაგისტრანტებიც და დოქტორანტებიც, ჩართული არიან გლობალურ სამეცნიერო დისკუსიაში. ეს ჩართულობა კი იწვევს, როგორც სასწავლო პროცესის, ისე კვლევითი საქმიანობის პროცესის და შედეგების ინტერნაციონალიზაციას. ამ მიმართულებით თავისუფალი უნივერსიტეტი თანამშრომლობს აშშ-ს რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტთან და დოქტორანტურაში მოწვეულ ხელმძღვანელებთან გაფორმებული აქვს როგორც თანამშრომლობის მემორანდუმები, ისე ინდივიდუალური ხელშეკრულებები.

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის ძირითადი ფუნქციაა სამეცნიერო კვლევების შესაბამისი ინსტიტუციური გარემოთი უზრუნველყოფა, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სამეცნიერო საქმიანობის კოორდინირება და მათი თანამედროვე, საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით სივრცეში ჩართვა.

თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა ანიჭებს მაგისტრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში (MSSc) და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (MNSc), ასევე დოქტორის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის მიმართულებით).