სტრუქტურირებული კვლევითი ნაშრომი
05 სექტემბერი 2014
შეფასების კრიტერიუმები და პრაქტიკული რჩევები
წინამდებარე დოკუმენტი აყალიბებს იმ სტანდარტულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, რომლებიც დაცული უნდა იყოს სტუდენტის მიერ სოციალურ მეცნიერებებში სტრუქტურირებული კვლევითი ნაშრომის მომზადების დროს. ლექტორის მიერ კონკრეტული, დამატებითი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში (მაგ. შედარებითი ანალიზი), საჭიროა დამატებითი ახსნა-განმარტების მიცემა სტუდენტებისათვის.
წერითი ნაშრომის სტრუქტურა და ფორმალური მხარე
• წერით ნაშრომს უნდა ჰქონდეს შემდეგი კომპონენტები:
o თავფურცელი, სადაც ეწერება თემის სათაური, ავტორის სახელი და გვარი, სკოლა, სემესტრი, ჩაბარების თარიღი.
o სარჩევი ცალკეული თავების, ქვეთავებისა და შესაბამისი გვერდების მითითებით.
o შესავალი და დასკვნა. ეს ორი ნაწილი ლოგიკურად უნდა უკავშირდებოდეს ერთმანეთს. დასკვნა უნდა პასუხობდეს შესავალში დასმულ შეკითხვას. (სასარგებლო ტესტი: წერას რომ დაასრულებთ, წაიკითხეთ ჯერ შესავალი და შემდეგ დასკვნა, რომ ნახოთ რამდენად კარგად უკავშირდება ეს ნაწილები ერთმანეთს.)
o ლიტერატურისა და გამოყენებული წყაროების სია. აღნიშნული სია შედგენილი უნდა იყოს ერთი რომელიმე ციტირების სტილის მიხედვით (მაგ. ჩიკაგოს ან ჰარვარდის სტილი). როგორც წესი ლიტერატურის სია ანბანის მიხედვით დგება (ავტორის გვარის მიხედვით).
• ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს 12-იანი ფონტით და 1,5-იანი დაშორებით.
• გვერდების რაოდენობაში არ ითვლება თავფურცელი, სარჩევი და ბიბლიოგრაფია.
წერითი ნაშრომის შინაარსობრივი მხარე
• ნაშრომს უნდა ჰქონდეს მკაფიო, მკითხველისათვის გასაგები სტრუქტურა და კარგად ჩამოყალიბებული არგუმენტები.
• ნაშრომის ავტორმა შესავალში უნდა ახსნას:
o რა არის ნაშრომის ძირითადი თემა
o რატომ არ არის ეს თემა მნიშვნელოვანი/აქტუალური
o რა არის კონკრეტული საკვლევი კითხვა ან ჰიპოთეზა
o რომელი ანალიტიკური ეტაპებისაგან შედგება ნაშრომი და რა არის მისი სტრუქტურა
• ნაშრომის დასაწყისშივე მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული კვლევის მიზანი. მკითხველმა პირველი გვერდის წაკითხვის შედეგად უნდა შეძლოს ნაშრომის მიზნის გაგება.
• ჩამოაყალიბეთ საკვლევი კითხვა. საკვლევი კითხვა შეიძლება ეხებოდეს ორ ან რამდენიმე მოვლენას შორის კავშირის ან ერთი მოვლენის მახასიათებლების ბუნებას.
• მოძებნეთ თეორიული მასალა და ემპირიული კვლევები, რომლებიც ამ საკითხს შეეხება. როგორც წესი, სოციალურ მეცნიერებებში კითხვების უმრავლესობას ერთზე მეტი შესაძლო პასუხი აქვს. შესაძლებელია, სხვადასხვა თეორიის ფარგლებში პასუხები სხვადასხვაგვარი იყოს. (ნაშრომში უნდა ჩანდეს, რომ სტუდენტი იცნობს განსხვავებულ თეორიულ მიდგომებს).
• მოკლედ და გასაგებად ჩამოაყალიბეთ იმ თეორიული მიდგომების ძირითადი დებულებები, რომლებსაც გამოიყენებთ არგუმენტაციის პროცესში.
• ამის შემდეგ, ჩამოაყალიბეთ თქვენი თეზისი, რომლის დაცვასაც აპირებთ.
• შემდეგი ეტაპია დასაბუთების (Evidence) მოძიება. კარგი არგუმენტაციის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია თქვენი მოსაზრების დამადასტურებელი მონაცემების წარმოდგენა. მაგ. სოციოლოგიურ არგუმენტაციაში დამადასტურებელი მასალა შეიძლება იყოს სტატისტიკური მონაცემები, დაკვირვებადი გრძელვადიანი ტენდენციები, ემპირიული კვლევის მონაცემები და ა.შ.
• მას შემდეგ, რაც აღწერთ ორ ან რამდენიმე მოვლენას შორის კავშირის ან ერთი მოვლენის მახასიათებლების ბუნებას, შესაძლებელია მოვლენების უფრო სიღრმისეული ანალიზი და „როგორ" და „რატომ" კითხვების დასმა.
• მნიშვნელოვანია, რომ არ გადაუხვიოთ შესავალში დასმულ შეკითხვას/საკითხს/ჰიპოთეზას. თქვენი არგუმენტები ლოგიკურად დაუკავშირეთ ერთმანეთს.
• დასკვნამ მოკლედ უნდა შეაჯამოს მთლიანი ნაშრომი, მისი მიზანი და მთავარი დასკვნა/აღმოჩენა/მიგნება. (სასარგებლო ტესტი: მხოლოდ დასკვნის წაკითხვის შედეგად, დანარჩენი ნაწილების წაკითხვის გარეშე, მკაფიო უნდა იყოს რა მიზანი ჰქონდა კვლევას და რა არის მისი შედეგი).
პრაქტიკული რჩევები
• გაცხრილეთ ყველა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება თავისთავად მნიშვნელოვანი ან საინტერესოა, მაგრამ არ გჭირდებათ მოცემულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად. როგორც წესი, ბევრად უფრო მეტ მასალას წაიკითხავთ, ვიდრე საბოლოო ვერსიაში გამოიყენებთ. ამ თვალსაზრისით ნაშრომში გამოყენებულ ინფორმაციასთან მიმართებაში სელექტიურები იყავით.
• ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია, მაგრამ თვლით, რომ გადატვირთავს მთავარ ტექსტს ან გადაუხვევს თემას, მოათავსეთ სქოლიოში (footnotes).
• არგუმენტაციის პროცესში მოერიდეთ ქვემოთ ჩამოთვლილ, ფართოდ გავრცელებულ შეცდომებს:
o ნუ გააკეთებთ გადაჭარბებულ, არასათანადო განზოგადებას. როგორც წესი, ნებისმიერი კვლევა რეპრეზენტატულია (წარმომადგენლობითი) მოვლენების ან ჯგუფების შემოსაზღვრული რაოდენობისთვის. აქედან გამომდინარე, მიუღებელია არგუმენტაციის დროს ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც ზოგადობის ძალიან მაღალ ხარისხზე მიუთითებს. მაგ. „საქართველოს ყველა მოქალაქე....", „ინდივიდები ყველა ეპოქაში ..." და ა.შ.
o ნუ ჩამოაყალიბებთ ისეთ არგუმენტს, რომლის დაცვა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით იქნება რთული. ნუ გააკეთებთ ისეთ „ხმამაღალ" განცხადებებს, რომელთა დასაცავად დასაბუთებას ვერ მოიყვანთ.
o შეეცადეთ მკაფიოდ განსაზღვროთ თქვენი საკვლევი კითხვის ან კრიტიკის სფერო. მაგ. თუ თქვენ გინდათ გააკრიტიკოთ თეთრსაყელოიანთა დანაშაულის შესახებ სოციოლოგიური თეორიის მოსაზრებები, ნუ მოიტანთ მის გასაბათილებელ იმ არგუმენტს, რომ ის ვერ ხსნის სხვა ტიპის დანაშაულს.
o ეცადეთ გამიჯნოთ ერთმანეთისგან ფაქტის მსჯელობები და შეფასების (Evaluative) მსჯელობები. მოერიდეთ შეფასების მსჯელობების გამოყენებას სოციოლოგიური არგუმენტაციის დროს.
o ეცადეთ ერთმანეთისგან გამიჯნოთ თქვენი და სხვა მკვლევარების მოსაზრებები და შეხედულებები კონკრეტული მოვლენის ან ფენომენის ანალიზის დროს წყაროების მითითებით.