GE

სტუდენტური შეჯიბრი სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევებში

26 იანვარი 2016

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი მართავს სტუდენტურ შეჯიბრს სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევებში. აღნიშნული შეჯიბრი საქართველოში უკვე მეხუთე წელია ტარდება და წინა წლებში მას აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების (JILEP) პროექტი უწევდა ადმინისტრირებას.

ეროვნული შეჯიბრი განკუთვნილია სამართლის სკოლის მესამე და მეოთხე კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის და ემსახურება სტუდენტებში პროცესუალური უნარ-ჩვევების განვითარებას. წელს ეროვნული ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას, საქართველოს, კავკასიის, თავისუფალი, სულხან-საბა ორბელიანის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის გუნდები დაუპირისპირდებიან.

შეჯიბრი 19 და 20 მარტს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდება. შეჯიბრის სავალდებულო კომპონენტს წარმოადგენს შესაბამის ტრენინგში მონაწილეობა, რომელიც ამა წლის 23-24 იანვარს გაიმართა.

ტრენინგს უძღვებოდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორები - გირშელ ძებნიაური და ქეთევან ჩომახაშვილი. ტრენინგის პირველ დღეს განხილულ იქნა სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შესავალი და დასკვნითი სიტყვის სპეციფიკა და მოწმეთა პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის თავისებურებები, ხოლო მეორე დღეს მოხდა იმიტირებული პროცესების გათამაშება.

აღნიშნული შეჯიბრის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს USAID/PROLoG-ის პროგრამა.