GE

თაკო მეშველიანი ავსტრიიდან

21 ნოემბერი 2016

როცა ფიზიკის სწავლა გადავწყვიტე, ვიცოდი რომ ბევრი აკადემიური საფეხურის გავლა მომიწევდა. მართალია, ორიენტირი ყოველთვის ამერიკის უნივერსიტეტებზე მქონდა, მაგრამ ფიზიკის სკოლის დამამთავრებელ კურსზე, პირადი მიზეზების გამო, აზრი შევიცვალე და ევროპაში დავიწყე სამაგისტრო პროგრამის ძებნა.

საბოლოოდ ერასმუს პლუსისა და ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა შევარჩიე ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში, რომელთაც სწავლისა და ცხოვრების ხარჯი სრულად დამიფინანსეს.

სამაგისტრო პროგრამა ინსბრუკის უნივერსიტეტში დაიწყო. აქ საკმაოდ რთული ეტაპი მაქვს გადასალახი, კარგი ბაზა უნდა შევიქმნა თეორიული საგნების ღრმად შესასწავლად, რომელსაც მეორე სემესტრში რომში გავაგრძელებ. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ გარემო იდეალური მაქვს როგორც პროფესორების, ისე სტუდენტების მხრივ. ყოველი ჩვენგანი ძალიან მოტივირებულია და შესაბამისად, კონკურენტული გარემო საშუალებას მაძლევს სწრაფად განვვითარდე. ლექტორები კი, ენთუზიაზმით ასწავლიან და აღნიშნავენ, რომ წლევანდელი ჯგუფი საუკეთესოა, შვიდი თაობის მიღების მანძლზე. სამეცადინო უამრავია, დრო - არც ისე ბევრი, ამიტომ უძილო ღამეების რაოდენობაც საგრძნობალად იმატებს.

მუდამ მადლიერი ვიქნები თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის. ჩემი ლექტორების, რომელთაც სჯეროდათ ჩემი და ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ საუკეთესო განათლება გვქონოდა და ჩემი კურსელების, რომლებმაც ძალიან ბევრი მასწავლეს, ერთად გავიზარდეთ და შემართებით დავადექით ამ გზას.

თაკომ დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლა.
ამჟამად სწავლობს ავსტრიაში, ინსბრუკის უნივერსიტეტში, სამაგისტრო პროგრამაზე ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში.