GE

თანასწორობის იდეა უტილიტარიანიზმში

26 მარტი 2021

როგორც ჰენრი სიჯვიკი აღნიშნავს, უტილიტარიანიზმის ერთადერთი პრინციპი, რომელიც არ საჭიროებს დასაბუთებას არის, რომ „ყველა ითვლება ერთად და არც ერთი ითვლება ერთზე მეტად“. უტილიტარიანიზმისთვის მნიშვნელოვანია, რომ მის წევრთა ბედნიერება იმატებდეს, შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი ადამიანის სურვილის აღსრულებას, რომ რაც შეიძლება მეტ ბედნიერებას მიაღწიონ მათ. ადამიანის სურვილებს უტილიტარიანიზმი თანაბრად უყურებს, მიუხედავად ამ სურვილების შინაარსისა, მათი სარგებლიანობისა და ზიანისა, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ეს სურვილები და რა ინტენსივობისაა ისინი. ამ მხრივ, საინტერესოა, რომ უტილიტარიანიზმი მხედველობაში იღებს არა ადამიანების შეხედულებებს და მათ ჭეშმარიტებას, არამედ იმას, თუ რამდენი ადამიანი დარჩა კმაყოფილი - ბედნიერი. აქ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში რაც შეიძლება მაღალი იყოს სურვილთა ასრულების საშუალო მაჩვენებელი.

უკვე ნახსენებ პრინციპს - „ყველა ითვლება ერთად და არც ერთი ითვლება ერთზე მეტად“ - თუ გავყვებით, აღმოვაჩენთ მრავალ პრობლემას. ერთი შეხედვით, თითქოს მიმზიდველია უტილიტარიანიზმის შეხედულება, ყველა ადამიანის სურვილი არის თანასწორი. თუმცა პრობლემურია ის, რომ ყველა სურვილი არ არის „კეთილი“. ამავდროულად, შეუძლებელია, ადამიანს მოსთხოვო „სწორი“ სურვილები გააჩნდეს, თუმცა იმ დაშვებით, რომ ნებისმიერი სურვილი ერთნაირად პრიორიტეტულია, სხვა სურვილების გვერდზე ვაყენებთ იმ სურვილებსაც, რომლებიც სხვათა უფლებებს ზღუდავს, რაც დღევანდელ რეალობაში დაუშვებელია და თანასწორობის იდეას უპირისპირდება - თუ არსებობს უფლება, ყოველთვის არსებობს ვალდებულება ამ უფლების ადრესატის მხრიდან.

მაგალითად, წარმოვიდგინოთ საზოგადოება, რომლის რომელიმე საზოგადოების წევრი არის ნაცისტი და უნდა, რომ ებრაელთა რაც შეიძლება ნაკლები სურვილი იქნეს გათვალისწინებული. თუკი ყველა სურვილს ერთნაირ წონას ვანიჭებთ და მის არსში არ ვიხედებით, გამოდის, რომ მოცემული სურვილის უარყოფის მიზეზი არ არსებობს. ერთგვარი წინააღმდეგობა წარმოიშობა.  მოცემულ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ, საბოლოო ჯამში, უნდა მიიღწეს საშუალო ბედნიერების მაქსიმალური რაოდენობა. ნაცისტის შეხედულების გათვალისწინებით არ იზრდება ეს რიცხვი და არც მაქსიმუმს აღწევს. უტილიტარიანიზმის თანასწორობაში სწორედ ეს პრობლემა იჩენს თავს, რომ მას არ შეუძლია, ერთის მხრივ, ერთი ადამიანის სურვილი, რომელიც ითვალისწინებს სხვებისთვის ზიანს, არ დააყენოს სხვა სურვილების გვერდზე და, მეორეს მხრივ, ამ შემთხვევაში, აასრულოს ნაცისტების სურვილები. პრობლემატურია, რომ უტილიტარიანიზმის შემთხვევაში სურვილების შეზღუდვა მორალის ან სამართლიანობის საფუძველზე შეუძლებელია, რადგან მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ინტერესი იდგეს ერთსა და იმავე დონეზე. აღსანიშნავია, რომ დღეს თანაბარ მოპყრობაში იგულისხმება კანონის წინაშე თანასწორობა და არა ის, რომ ყველა ადამიანის ინტერესი იყოს გათვალისწინებული.

ამას გარდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი წევრის სურვილებს საზოგადოების დანარჩენი წევრების სურვილებზე მეტ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ, ეს დაარღვევს უტილიტარიანიზმის პრინციპს. მაგრამ, დავუშვათ, საზოგადოებას ჰყავს ისეთი წევრი, რომელიც სხვა წევრებს უყვართ და მისი სურვილები ამ საზოგადოების სხვა წევრთა უმრავლესობისთვის არის უმნიშვნელოვანესი. თუკი ეს ადამიანი ვერ მიიღებს იმას, რასაც მიიღებდა მისი სურვილებისთვის მეტი მნიშვნელობის მინიჭებით, თავს უბედურად იგრძნობს, თუმცა ამ ადამიანის სურვილებისთვის მეტი მნიშვნელობის მინიჭება შეუძლებელია, რადგან ეს უტილიტარიანიზმის თანასწორობის პრინციპს უპირისპირდება.

საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ უტილიტარიზმის თანასწორობის პრინციპი საკმაოდ მიმზიდველია, წარმოშობს ისეთ პრობლემებს და წინააღმდეგობებს, რომლებიც მიუღებელია როგორც დღევანდელობისთვის, ასევე უტილიტარიანიზმისთვის.