თავისუფალი კომპოზიციის ესე
05 სექტემბერი 2014
დეფინიცია
ესე არის თავისუფალი კომპოზიციის მოკლე ჩანახატი ავტორის მიერ დანახული და გააზრებული თემის, იდეის ან პრობლემის შესახებ. ასეთი ტიპის ესეს ძირითადი მახასიათებლებია გადმოცემის თავისუფალი სტილი და ავტორის პირადი დამოკიდებულების ჩვენება.
ესე არ მოითხოვს საკითხის ამომწურავად განხილვას, აგრეთვე, ყველა არსებული ფაქტისა თუ არგუმენტის მოხმობას, რამდენადაც არსებითია საკითხის დანახვა კონტექსტში და ამ კონტექსტის გათვალისწინება.
არგუმენტირებული ესესგან ესეს ამ ტიპს განასხვავებს თავისუფალი კომპოზიცია ანუ მკაცრად განსაზღვრული სტრუქტურის არარსებობა. შესავალისა და დასკვნის არსებობა მთლიანად ავტორის სურვილზე და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუკი ავტორმა მოახერხა თავისი სათქმელის იმგვარად გამოდმოცემა, რომ ესეს მთლიანობა არ ირღვევა და ესეს დასასრული წარმოადგენს ამ სათქმელის ბუნებრივ დაგვირგვინებას, ცალკე გამოყოფილი შესავალი და დასკვნა (პრობლემის წინასწარი მოხაზვითა და საბოლოო შეჯამებით) საჭირო აღარაა.
სტრუქტურა
ესე შეიძლება აგებული იყოს როგორც გადმოცემა, კრიტიკა ან განაზრება.
შეტყობინების შემთხვევაში ტექსტში უნდა აისახოს:
ა. ფაქტის ცოდნა, ინფორმირებულობა საკითხის ირგვლივ;
ბ. ფაქტის დალაგებულად გადმოცემის უნარი;
გ. საკუთარი დამოკიდებულების ჩვენება;
დ. წყაროს დასახელების შესაძლებლობა და მისი სანდოობის გააზრება.
კრიტიკული ტიპის ესეს შესრულებისას ტექსტში უნდა აისახოს:
ა. მთავარი პრობლემის გამოყოფა, საკითხზე მთავარი თვალსაზრის(ებ)ისა და ამ პოზიციის დამამტკიცებელი ძირითადი არგუმენტების მოყვანა;
ბ. საკუთარი თვალსაზრისის ფორმულირება და მისი შედარება არსებულ თვალსაზრისებთან;
გ. თემის განხილვა განსხვავებული პოზიციიდან და საკუთარი პოზიციის დასაბუთება.
განაზრების ტიპის ესეს შესრულებისას ტექსტში უნდა აისახოს:
ა. საკითხის ფაქტობრივი მდგომარეობის ცოდნა;
ბ. საკითხისადმი საკუთარი დამოკიდებულების შემუშავება;
გ. საკუთარი დამოკიდებულების არგუმენტირებული ჩამოყალიბების უნარი.
შეფასების კრიტერიუმები:
ა. შესაბამისობა სათაურთან;
ბ. საკითხის ფაქტობრივი ცოდნა;
გ. საკითხის გააზრება;
დ. ლოგიკური თანმიმდევრობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ესეს ნაწილებს შორის;
ე. მსჯელობა და დამოუკიდებელი აზროვნება;
ვ. გამართული ქართული, პუნქტუაციის ძირითადი წესების და ორთოგრაფიული წესების დაცვა;
დაუშვებელია ნებისმიერი სახის პლაგიატი.