GE

თავისუფალი უნივერსიტეტი 2015 წლის "ტოლერანტობის ქომაგ" ორგანიზაციად დასახელდა!

14 ნოემბერი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტი 2015 წლის "ტოლერანტობის ქომაგ" ორგანიზაციად დასახელდა!
 
13 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიური, "ტოლერანტობის ქომაგების" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
 
საბჭო ქომაგად ყოველწლიურად ასახელებს ერთ პირვონებას, ორგანიზაციას, მედიას და საჯარო მოხელეს.
 
ჯილდო გამორჩეულ ნომინატებს გადაეცემათ იმ ძალისხმევის გამო, რაც მათ წლის განავლობაში გაწიეს საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარების, რელიგიის თავისუფლების დაცვისა და თანასწორუფლებიანობის დამკვიდრების საქმეში.
 
ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი - ვატო ლეჟავა და სამართლის სკოლის დეკანი - ნათია ხანთაძე.
 
უნივერსიტეტმა ჯილდო სიმბოლურად, 13 ნოემბერს, კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ მიიღო.
 
2014 წლის ნოემბერში კახა ბენდუქიძის ქომაგობით ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტსა და თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კლინიკებს (იურიდიული დახმარების ცენტრები) შორის გაფორმდა მემორანდუმი. ბატონი კახა თვლიდა, რომ სამართლის სკოლის სტუდენტების განათლებისთვის საკმარისი არაა ადამიანის უფლებების თეორიული ცოდნა. კანონის წინაშე თანასწორობა, უნდა იყოს ცოცხალი, ყოველდღიური პროფესიული გამოცდილების ნაწილი. სამართლის კლინიკებში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის პროცესში სტუდენტები არა მხოლოდ განიმტკიცებენ პროფესიულ ცოდნას, არამედ თავად შეიტანენ კანონის წინაშე თანასწორობის გაძლიერებაში წვლილს და შესაბამისად მათთვის მრავალფეროვნება და განსხვავებულის მიმართ სიყვარული იქცევა ყოველდღიურ გამოცდილებად. ბატონი კახა ბენდუქიძე თვლიდა რომ დედამიწაზე ყველაზე დიდი უმცირესობა ადამიანია, რომელმაც განსხვავებულობის გამო ნებისმიერ დროს შეიძლება განიცადოს დისკრიმინაცია. სწორედ ამიტომ, თავისუფალი უნივერსიტეტისათვის ორმაგად სასიხარულოა ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო.
 
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სამართლის კლინიკა აქტიურად იცავს უმცირესობების უფლებებს. ამა წლის ოქტომბერში 8 რელიგიურმა ორგანიზაციამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებებისთვის საგადასახადო სფეროში უთანასწორო და დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის.
 
მოსარჩელეთა ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ.