GE

თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი 20th Willem C.Vis Int. Commercial Arbitration Moot-ზე

14 მარტი 2014

2013 წლის 22-28 მარტს ვენაში Willem C. Vis სახელობის რიგით მე-20 საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესები გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო  290-მა უნივერსიტეტმა მსოფლიოს 67 ქვეყნიდან.

Willem C. Vis სახელობის იმიტირებული პროცესების ისტორიაში პირველად, წელს საქართველო ორმა გუნდა წარმოადგინა, კერძოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდებმა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007 წლიდან იღებს მონაწილეობას, ხოლო თავისუფალმა უნივერსიტეტმა წელს პირველად მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ იმიტირებულ პროცესში.

კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესი შედგება ორი ნაწილისაგან, წერილობითი დოკუმენტების (მოსარჩელისა და მოპასუხის მემორანდუმების) მომზადებისა და ზეპირი გამოსვლებისგან. იმიტირებული პროცესის საქმის მასალები 5 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ზეპირ გამოსვლებზე გამგზავრებამდე წერილობითი დოკუმენტების მომზადებაზე ვმუშაობდით, თებერვალში მონაწილეობა მივიღეთ თბილისის Pre-moot-ში,  20 მარტს კი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდის სამი წევრი – მე (ქეთი ხარებავა), ნინა ცატუროვა და სანდრო მაჭარაშვილი ვენაში გავემგზავრეთ. სამწუხაროდ, გუნდის მე-4 წევრმა, ანანო ჭიაბრიშვილმა ავადმყოფობის გამო ვეღარ შეძლო წამოსვლა და ფინალურ შეჯიბრში მონაწილეობა :(

Willem C. Vis სახელობის რიგით მე-20 საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესების გახსნის ცერემონია ვენის საკონცერტო დარბაზში გაიმართა

ცერემონიაზე გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით ჩვენი გუნდის ერთერთ სპონსორს და აქტიურ მხარდამჭერს,  Gvinadze & Partners-ის მმართველ პარტნიორს, ნიკა ღვინაძეს და ამავე კომპანიის იურისტს ლიანა ქარცივაძეს, რომელიც წელს Willem C. Vis სახელობის იმიტირებულ პროცესზე CEU-ს გუნდის მწვრთნელს წარმოადგენდა.

მომდევნო ოთხი დღე კი ყოველდღიურად გვქონდა ზეპირი გამოსვლები, რომელთაგან ერთი იურიდიული კომპანია Baker & McKenzie-ის ოფისში გაიმართა, ხოლო დანარჩენი ვენის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის შენობაში. ზეპირ გამოსვლებზე შევხვდით შემდეგი უნივერსიტეტების გუნდებს: Cornell University (USA), University of Johannesburg (South Africa), University of Pantheon – Sorbonne (Paris I) (France), University of Osnabrück (Germany).

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო Cornell University-ის გუნდთან შეხვედრა, რომლის წევრები მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტი Native Speaker-ები იყვნენ. ამ გამოსვლისთვის განსაკუთრებული ძალისხმევით მოვემზადეთ და არბიტრებისგან ყველაზე სასიამოვნო შეფასებაც სწორედ ამ გამოსვლის შემდეგ მივიღეთ.

იმიტირებული პროცესების ფინალში გავიდნენ City University of Hong Kong (China (Hong Kong)) და Monash University (Australia). ხოლო გამარჯვებული გახდა City University of  Hong Kong


მოსარჩელის საუკეთესო მემორანდუმის ავტორები გახდნენ University of Belgrade (იხ. საუკეთესო მემორანდუმი) და University of Munich (იხ. საუკეთესო მემორანდუმი), ხოლო მოპასუხის საუკეთესო მემორანდუმის ავტორი  გახდა National University of Singapore (იხ. საუკეთესო მემორანდუმი).

ფინალის შემდეგ გაიმართა ბანკეტი და დაჯილდოების ცერემონია. ცერემონიის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოვიდა იმიტირებული პროცესების ხემძღვანელი, ფეისის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის  პროფესორი და UNCITRAL – ის ყოფილი მდივანი ერიკ ე. ბერგსტენი, რომელიც უკვე მე-20 წელია ხელმძღვანელობს Willem C. Vis სახელობის იმიტირებულ პროცესებს. მან Willem C. Vis სახელობის იმიტირებული პროცესების 20 წლიან წარმატებაზე ისაუბრა და გამოაცხადა, რომ შემდეგი წლიდან აღნიშნულ იმიტირებულ პროცესებს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.

ზეპირი გამოსვლების დასრულების შემდეგ დავათვალიერეთ ვენაში მდებარე ულამაზესი სასახლეები, მათ შორის Schönbrunn და Belveder, ვიყავით მუზეუმებში და ვნახეთ კლიმტის „კოცნა“.  ასევე, რადგან ვენაში ჩვენი ყოფნა სააღდგომო კვირას დაემთხვა, ულამაზეს კათედრალში, Peterskirche-ში, დავესწარით სააღდგომო ცერემონიას, სადაც მოვისმინეთ ამავე კათედრალის ორკესტრის მიერ შესრულებული მოცარტის Requiem, რომელსაც წელიწადში მხოლოდ ორჯერ, საშობაო და სააღდგომო ცერემონიებზე, ასრულებენ.

http://www.youtube.com/watch?v=mDChTgLrX2s

ვიყავით ცნობილ პრატერშიც, თუმცა, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მთაწმინდის პარკი და ციცინათელა ჯობია :))) .

ვენიდან 29 მარტს შთაბეჭდილებებითა და დადებითი ემოციებით დავრუნდით. რაც მთავარია, მივიღეთ უდიდესი გამოცდილება, მოვისმინეთ კომპეტენტური არბიტრების რჩევები, შენიშვნები და კომპლიმენტები და მზად ვართ შემდეგ წელს Willem C. Vis სახელობის იმიტირებული პროცესებში მონაწილე თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და დავეხმაროთ მათ წარმატებულ მონაწილეობაში.

Willem C. Vis სახელობის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მხარდაჭერისათვის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი მადლობას ვუხდით ჩვენს მწვრთნელს გიორგი სვანაძეს, თავისუფალ უნივერსიტეტს და ასევე, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორებს: