GE

თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ვილემ ვისის სახელობის იმიტირებულ პროცესში

27 იანვარი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა უკვე მესამე წელია მონაწილეობს ვილემ ვისის სახელობის იმიტირებულ პროცესში, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო პროექტია მსოფლიოს მასშტაბით. შეჯიბრის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო კომერციული სამართლის და საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესწავლას და საარბიტრაჟო წესით დავების განხილვისთვის საჭირო უნარების ჩამოყალიბებას. შეჯიბრი დაარსდა 1994 წელს და მასში დღეისათვის 300-მდე გუნდი იღებს მონაწილეობას.

2015 წელს შეჯიბრში თავისუფალი უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას იღებენ სოფო ზაუტაშვილი, ანა ჩიქოვანი, ალეკო ნანაძე და ინგა ნათელაური. იმიტირებული პროცესის კაზუსი შეეხება სასწრაფო არბიტრის კომპეტენციის, დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების დანიშვნის, საარბიტრაჟო დავაში მესამე მხარის ჩართვის, ასევე საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის და არსებითი დარღვევის საკითხებს საერთაშორისო ნასყიდობის სამართალში.

სტუდენტებმა უკვე დაასრულეს წერილობითი ეტაპი და ორგანიზატორებს წარუდგინეს საარბიტრაჟო სარჩელი და შესაგებელი. ამ ეტაპზე გუნდის გამოწვევა შეჯიბრის ზეპირი რაუნდებისათვის მომზადებაა. შეჯიბრის საერთაშორისო რაუნდებზე გამგზავრებამდე, გუნდი მონაწილეობას მიიღებს თბილისის ვის მუთის მოსამზადებელ შეჯიბრში, რომელიც 2015 წლის 20-22 თებერვალს გაიმართება. მოსამზადებელი შეჯიბრის ფარგლებში, 20 თებერვალს, თავისუფალი უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას არბიტრაჟის აქტუალური საკითხების შესახებ.