GE

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტების მორიგი წარმატება!

25 თებერვალი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა, სოფო ზაუტაშვილის, ანა ჩიქოვანის, ალეკო ნანაძისა და ინგა ნათელაურის შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული პროცესის, თბილისის მე-4 მოსამზადებელ შეჯიბრში. შეჯიბრის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა ჰამბურგის, ბელორუსიის, პასაუს, ბონის და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის გუნდებს. თითოეულმა გუნდის წევრმა წარმოადგინა როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის პოზიცია.
მოსამზადებელი შეჯიბრის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდის წევრებმა ჟიურისგან ძირითადად დაიმსახურეს ძალიან კარგი, ან ბრწყინვალე შეფასება. როგორც ორგანიზატორებისგან გვეცნობა, თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი მოხვდა თერთმეტიდან ხუთ საუკეთესო გუნდში, და ამასთან პირველ ადგილზე გასულ გუნდს მხოლოდ 1,8 მეათედი ქულით ჩამორჩება.

იმიტირებული პროცესის კაზუსი შეეხება სასწრაფო არბიტრის კომპეტენციის, დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების დანიშვნის, საარბიტრაჟო დავაში მესამე მხარის ჩართვის, ასევე საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის და არსებითი დარღვევის საკითხებს საერთაშორისო ნასყიდობის სამართალში.

მოსამზადებელი შეჯიბრის ორგანიზატორია არბიტრაჟის ინიციატივა საქართველო (AIG), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) და GIZ-ის მხარდაჭერით, ასევე, საერთაშორისო კომერციული პალატის (ICC), საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) და საერთაშორისო და ადგილობრივი იურიდიული კომპანიების ხელშეწყობით. მოსამზადებელი შეჯიბრის ფარგლებში თავისუფალმა უნივერსიტეტმა ასევე უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის აქტუალურ საკითხებზე.