GE

თავისუფლება და უფლების დელეგირება

16 აპრილი 2021

ადამიანი გარკვეული უფლებების სუბიექტი დაბადების მომენტიდან ხდება, დანარჩენის კი დროთა განმავლობაში, ასაკის, განათლების, გამოცდილების მატებასთან ერთად. მიუხედავად ამისა, უფლებების სუბიექტად ყოფნა არასდროს არ არის საკმარისი, რადგან ჩნდება აუცილებლობა, რომ ადამიანის ნებისმიერი უფლება იყოს დაცული და შესაბამისად არსებობდეს რაღაც მექანიზმები, საშუალებები, რომლითაც განხორციელდება ეს ყველაფერი. ამის განსახორციელებლად არსებობს ორგვარი საშუალება: პირველი არის, რომ ყველა ადამიანმა თვითონ, მათ შორის ფიზიკური ძალის გამოყენებით დაიცვას საკუთარი უფლებები ან მეორე, რომ შეიქმნას ისეთი ორგანოები, რომლებიც იმუშავებს კონკრეტულად ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად.

განვიხილოთ პირველი ვარიანტის მაგალითი. ავიღოთ ადამიანი, რომლის საცხოვრებელ სახლშიც შეიჭრნენ და შინაური ცხოველი მოპარეს. ამ დროს ამ პირს უწევს, რომ წავიდეს, და მოძებნოს თავისი ცხოველი, თუ გაუმართლა და იპოვის, უკან დაიბრუნოს და შესაბამისად დასაჯოს ქურდი. სასჯელის მეთოდს განსაზღვრავს თვითონ, შეიძლება აპატიოს და გაუშვას, ან პირდაპირ მოკლას. ანუ, სამართლიანობას ახორციელებენ კონკრეტული ადამიანები ცალ-ცალკე. ამას მივყავართ თუნდაც ძველ ტრადიციებამდე და შეიძლება გაგვახსენდეს ისეთი ინსტიტუტი, როგორიც არის მაგალითად სისხლის აღება. რა თქმა უნდა, ეს მეთოდი გამოიწვევს უფრო დიდ ქაოსს, შესაბამისად სამართლიანობის დამყარება გახდება ბევრად რთული. 

ამისგან განსხვავებით, შეგვიძლია, რომ მოვახდინოთ ამ უფლებამოსილებების დელეგირება კონკრეტულ ორგანოებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ჩვენგანი დავთმობთ ჩვენს უფლებას, საკუთარი უფლებების დაცვაზე (ზოგადად, თანამედროვე სამყაროში ტერმინი, უფლება უფლებების დაცვაზე, არ გაგვაჩნია, მაგრამ შინაარსობრივად შეგვიძლია რამდენიმესთან დაკავშიროთ, მაგალითად სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან). 

მაგალითად, ადამიანი თმობს იმ თავისუფლებას, რომ თვითონვე განუსაზღვროს საკუთარი უფლების შემლახავს, დამნაშავეს სასჯელის ფორმა. ამის საპასუხოდ, დელეგირების შემთხვევაში ჩნდება უფლება საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რომ, მაგალითად სახელმწიფომ საქმე უნდა გამოიძიოს გარკვეულ ვადაში. ამ დელეგირების ფონზე შეიქმნება გარკეული კანონები, რომელიც მისაღებია კონკრეტულ სოციუმში და გავრცლდება ყველა წევრზე თანაბრად. ზოგადად, კანონის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც არის სწორედ ის, რომ დაამყაროს წესრიგი, სამართლიანობა და უფრო კონკრეტულად, დაიცვას ერთი ადამიანი მეორისგან მოვლენილი საფრთისგან. შეიძლება ითქვას, რომ კანონების არსებობა გარკვეულწილად ზღუდავს ადამიანის უფლებებს, მაგრამ მეორე მხრივ კი მისი არსებობის მიზანი არის მოქალაქეების თავისუფლებების დაცვა.

იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს, საკმარისი არ არის მხოლოდ დაწერილი კანონები, აუცილებელია მისი აღსრულებაც სხვა და სხვა ორგანოს დახმარებით. მაგალითად, კანონმდებლობა გვეუბნება, რომ სხვისი სიცოცხლის უფლების ხელყოფა არის დაუშვებელი, მაგრამ მხოლოდ ეს ჩანაწერი პრაქტიკულად არანაირდ არ არის იმის გარანტია, რომ მოქალაქის სიცოცხლის უფლება მართლა დაცული იქნება. სწორედ აქ შემოდის სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები. ერთი მხრივ, სახელმწიფომ არ უდნა მოკლას ადამიანი და მეორე მხრივ სიცოცხლის უფლების ხელყოფის შემთხვევაში, კონკრეტულმა ორგანოებმა უნდა გამოიძიოს საქმე და შესაბამისად დასაჯოს დამნაშავე. ასეთი ორგანოები არიან, მაგალითად სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა და სხვა. 

შესაბამისად, ყოველთვის, როდესაც ადგილი აქვს კანონდარღვევას, ადამიანის უფლებების შეზღუდვას, ჩვენ მივმართ ამ ორგანოებს, ისინი გვიცავენ, იძიებენ, სჯიან და ა.შ. გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი ორგანო ვერ ასწრებს ადგილზე მოსვლას მყისიერად და პირს სხვა გზა აღარ რჩება გარდა აქტიური ქმედებისა. მაგალითად, ასეთი შემთხვევაა აუცილებელი მოგერიება. როდესაც სხვა პირი თავს გესხმის, გაქვს იმის უფლება, რომ მოიგერიო და ამისთვის პასუხისმგებლობა არ დაგეკისრება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, აქაც არის რაღაც ფარგლები. მაგალითად, თუ თავს გესხმის შეუიარაღებელი პირი, შენ არ გაქვს იმის უფლება, რომ მოიგერიო იარაღით. ეს ჩაითვლება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებად და შესაბამისად პირს შეერაცხება პასუხისმგებლობა. 

ამ მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ უფლების დელეგირება მთლიანად შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე აუციელებელი ხდება ამ უფლებით პირადად სარგებლობა.