თემიდა და დემოკრატია?
09 მაისი 2021
არისტოტელეს მიხედვით, დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპი თავისუფლებაა. თავისუფლების ერთ-ერთი ნიშანი ყველას ხელმძღვანელად და ქვეშევრდომად ყოფნაა, თანასწორობა კი რაოდენობის მიხედვით ხორციელდება. ამიტომაც, უმრავლესობის ხმა გადამწყვეტია, რადგან უმრავლესობა სახელმწიფოა, იგი სამართლიანობაა.
უმრავლესობა ძლიერია, რაც თავისუფლებისთვის გადამწყვეტია. ამას კი მივყავართ შემდგომი პრინციპისკენ, კერძოდ კი, ვისაც როგორც უნდა ისე იცხოვრებს. მაგრამ ეს „ვისაც როგორც უნდა’’, შეიძლება ითქვას, რომ მთლად ყველა ადამიანზე, მაგალითად უმცირესობაზე, დიდად არ ვრცელდება.
მაგალითად, ტრამვის დილემა დემოკრატიულ სახელმწიფოში რომ გვეცადა რამდენად დაუჭერდნენ მხარს? მატარებლის მოახლოებისას, ერთი ადამიანის სანაცვლოდ ხუთ ადამიანს გადავარჩენდით, ამიტომაც, სარგებელი უმრავლესობაზე გათვლილი იქნებოდა.
და იმ ერთ ადამიანს, მატარებლის მოახლოებისას ხო წაერთმეოდა სიცოცხლე?
არისტოტელე თანასწორობის სურვილის შემთხვევაში ამბობს, რომ ღარიბები უფრო მეტად უნდა იყვნენ ხელისუფლების სათავეში, ვიდრე მდიდრები. თანასწორობა ხალხის დამსახურებაა და არა რაიმე ღირსების შედეგი. ამიტომაც, შეიძლება იმ ერთი ადამიანის სიკვდილი გამართლებულადაც ჩავთვალოთ, რადგან ამით ხომ უმრავლესობა გადარჩებოდა, უფრო მეტი კეთილდღეობა ექნებოდა.
ძველ საბერძნეთში, ათენმა საკუთარი თავისუფლება და თანასწორობა ოსტრაკიზმის მეშვეობით გამოხატა, რომელიც დემოკრატიის მტრების ქვეყნიდან გაძევებას ემსახურებოდა. კენჭისყრა, რაც დემოკრატიის თანმდევი მოვლენაა, ხმათა უმრავლესობით, აძევებდა არასასურველ პიროვნებებს. სხვათაშორის, რამდენჯერმე ამგვარად გაძევებულებს შორის იყვნენ პირადი ქონების მოხვეჭის მსურველი პირნი. ფაქტია, რომ კენჭისყრის მონაწილეებს ინდივიდის პირადი სურვილების მაგივრად, ქვეყნის კეთილდღეობა უფრო აინტერესებდათ.
მაგრამ როგორ მდგომარეობაში იქნებოდა თავად დემოკრატიული თავისუფლება და თანასწორობა, თუ ერთი ადამიანი გარკვეული მორალის, მაქსიმის, ვალდებულების ფონზე იმოქმედებდა?
როგორც უკვე ვახსენე, არისტოტელეს მიხედვით, დემოკრატიული თავისუფლების ერთ-ერთი ნიშანი არის რიგრიგობით ყველას ხელმძღვანელად და ქვეშევრდომად ყოფნა.
შეიძლება ითქვას, რომ ხელმძღვანელიც და ქვეშევრდომიც ემორჩილება გარკვეულ მორალს, რომელიც ხელს უწყობს მათი მოვალეობების შესრულებას. ეს მორალი, რომელსაც შეიძლება მაქსიმაც ვუწოდოთ, შეიძლება გამოხატავდეს საკუთარი მოვალეობების შესრულებას. მაგალითად, ხელმძღვანელისთვის წესი იყოს, რომ არ მოატყუოს საკუთარი ქვეშევრდომები. ამ წესის მიხედვით, მას მუდამ სიმართლის თქმა მოუწევს მათთვის, მისმა სიმართლემ უარყოფითადაც რომ იმოქმედოს. იგივე წესია ქვეშევრდომის მიმართაც.
დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთ მაქსიმად შეიძლება ჩავთვალოთ: ყველა თანამდებობის არჩევითობა, მათი ხანმოკლეობა, ერთი და იგივე პირის მიმართ ერთი და იმავე თანამდებობის ორჯერ დაკავების შეუძლებლობა, ანდაც ამის დაკავების იშვიათი გამონაკლისი, რომელიც გარკვეულ წესს მაინც ემორჩილება. ამასთანავე სასამართლოში ყველა მოქალაქის მონაწილეობა.
ბოლოს კი, აქვინელის არ იყოს, ადამიანმა კარგი რამ უნდა გააკეთოს, ხოლო ბოროტება თავიდან უნდა აირიდოს. ამისათვის, მან გარკვეული პრინციპებიც უნდა დაიცვას. მაგალითად, ქორწინება, ოჯახი, თავდაცვა, საზოგადოებაში ცხოვრება თუ უფლის თაყვანისცემა. და როგორ მიესადაგება ეს პრინციპები დემოკრატიულ თავისუფლებასა და თანასწორობას?
არისტოტელეს მიხედვით, დიდი გადასახადები ან ქონების კონფისკაცია ამხობს დემოკრატიას. ჭეშმარიტი დემოკრატია ყურადღებას აქცევს იმას, რომ ხალხი ძალიან არ გაღარიბდეს. შეიძლება ითქვას, რომ ხალხის გაღარიბება გაართულებს საზოგადოებაში ცხოვრებას, თავდაცვას და ოჯახის შექმნის შესაძლებლობას, ამიტომაც, მივალთ აქვინელის პრინციპებთან წინააღმდეგობაში. აქედან გამომდინარე, დემოკრატიის დაცვა იწვევს აქვინელის კანონებთან შეთანხმებას. ამას კი მივყავართ, თავისუფლებისა და კანონის პრინციპამდეც. დემოკრატიულ სახელმწიფოში შემუშავებულ კანონებს უმრავლესობის ხმად აღიარებულ თავისუფლებას ვუთანხმებთ.
დასასრულს კი, კართაგენელების მაგალითს მოვიშველიებ. მათ ხალხი დაიმეგობრეს. მათი ქონება გააერთიანეს და საშუალება მისცეს ესარგებლათ. ამან კი განაპირობა, კანონთან შეთანხმებული თავისუფლების წარმოშობა. კერძოდ კი, მათთან დამეგობრებამ გამოკვეთა უმრავლესობის ხმა, ხოლო დემოკრატიისთვის კი უმრავლესობა მნიშვნელოვანია, რადგან მათთვის ხალხის მიერ შემოღებული კანონები თავისუფლებას ნიშნავს, რასაც ცალკე თანასწორობამდე მივყავართ.