GE

თომა აქვინელი საკუთრების უფლების შესახებ

26 აპრილი 2021

საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს, მათ შორის ყველაზე სარწმუნოდ კი შეიძლება მივიჩნიოთ თანამედროვე შეხედულება, რომელიც მის საფუძველს ქრისტიანულ ტრადიციაში ხედავს. როგორ შეიძლება ქრისტიანული აზროვნება ეხმიანებოდეს საკუთრების უფლების იდეას - ამ კუთხით ძალზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს თომა აქვინელის “Summa Theologica”, რომელშიც ის კერძო საკუთრებას უკავშირებს ბუნებით სამართალს და ავითარებს რამდენიმე მოსაზრებას, რომელიც ხაზს უსვამს მის უპირატესობებსა და როლს საზოგადოებრივ კეთილდღეობაში. პირველ რიგში, სანამ თომა აქვინელი უშუალოდ კერძო საკუთრების მნიშვნელობას ასაბუთებს, იქამდე იგი ხაზს უსვამს ადამიანის ღმერთის მიერ მინიჭებულ როლს, რომელიც გულისხმობს, რომ იყოს მატერიალურ სამყაროში არსებული საგნების განმკარგველი და მოიხმაროს ისინი თავის სასარგებლოდ. იგი ცხადად უპირისპირდება იმ მოსაზრებას, რომ ადამიანი ბუნებრივად არ ფლობს ე.წ. გარეგან საგნებს (external goods) და ყველაფერს ფლობს მხოლოდ ღმერთი. ამით “Summa Theologica-ში“, ვფიქრობ, ჩანს მცდელობა იმისა, რომ ადამიანის მიერ მატერიალური სამყაროს ათვისება და მისი რაციონალურად გამოყენება დაუკავშიროს იმ უფლებას, რაც მას ღმერთმა მიანიჭა - „აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბ.1:28). მართალია, დასაწყისში თომა აქვინელი კონკრეტულად კერძო საკუთრების შესახებ არ საუბრობს, თუმცა ქმნის საინტერესო საფუძველს, აქციოს ის ბუნებითი სამართლის ნაწილად და შემდგომში დაასაბუთოს მისი რაციონალურობა თუ დადებითი მხარე. არის თუ არა კანონიერი, ადამიანი ფლობდეს კერძო საკუთრებას? აღნიშნული შეკითხვა არის ის, საიდანაც “Summa Theologica-ში“ იწყება კერძო საკუთრების მნიშვნელობის დასაბუთება. თომა აქვინელი გამოყოფს სამ მიზეზს, თუ რატომაც შეიძლება იყოს კერძო საკუთრება საჭირო ადამიანთა ცხოვრებაში. პირველ რიგში, აღნიშნულია, რომ როდესაც საქმე გვაქვს საერთო საკუთრებასთან, ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ შრომასა თუ პასუხისმგებლობას, რომელსაც ხალხთა რაიმე ერთობა თუ ჯგუფი ერთობლივად იზიარებს. ამის საპირისპიროდ, კერძო საკუთრების შემთხვევაში, მისი მფლობელი უშუალოდ განიცდის პასუხისმგებლობას და უკეთ უზრუნველყოფს ქონების მოვლა-პატრონობას. მეორეს მხრივ, კერძო საკუთრება აყალიბებს ორგანიზებულობასა და ადამიანთა შორის წესრიგს: როდესაც თითოეული მათგანი დაკავებულია თავისი საკუთრების მოვლით და განსაზღვრული აქვს თავისი საქმე, შეუძლებელია წარმოიქმნას რაიმე გაურკვევლობა თუ დაბნეულობა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რაზე უნდა იზრუნოს. მესამე და საბოლოო მიზეზს წარმოადგენს ის, რომ კერძო საკუთრება შეიძლება მოვიაზროთ, როგორც ადამიანთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობის წინაპირობა - თომა აქვინელი მიიჩნევს, რომ როცა არ არსებობს არანაირი დაყოფა და განსაზღვრულობა, იქმნება უფრო მეტი დავისა თუ საკამათო საკითხის წარმოშობის შესაძლებლობა. აღნიშნულ მოსაზრებებში ნათლად იგრძნობა არისტოტელეს გავლენა, კერძოდ, ეხმიანება “პოლიტიკაში“ კერძო საკუთრების სასარგებლოდ მოყვანილ არგუმენტებს - ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ იმას, რასაც თავად ფლობენ და გარდა ამისა, როცა განსაზღვრულია ინტერესის სფეროები, ნაკლები საფუძველი არსებობს უთანხმოებებისა და მეტი საფუძველი - ადამიანთა ერთიანობის. საინტერესოა, რომ არისტოტელეს და შემდგომ მისი გავლენით, თომა აქვინელის მოსაზრებები, ეკონომიკურ თეორიაში სწორედ რომ რესურსების ეფექტური განაწილების სახითაა ჩამოყალიბებული, ხოლო სამართლებრივ პრაქტიკაში, ბუნებრივია, როცა ადამიანთა საკუთრების უფლება და მისი გავრცელების „არეალი“ განსაზღვრული და დაზუსტებულია, ნაკლებ კონფლიქტსა და გაურკვევლობას წარმოშობს. აღსანიშნავია ისიც, რომ თომა აქვინელის თვალსაზრისი კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ სპეციფიკას იძენს შემდეგ წინადადებაში: “On this respect man ought to possess external things, not as his own, but as common, so that, to wit, he is ready to communicate them to others in their need”. ამით, მართალია, უარყოფილი სულაც არაა კერძო საკუთრების მნიშვნელობა, მაგრამ გვახსენებს იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანის უმთავრესი ღირებულება უნდა იყოს საზოგადოებრივი კეთილდღეობა, რომლის, შეიძლება ითქვას, ინსტრუმენტსაც წარმოადგენს კერძო საკუთრების უფლების ქონა. ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივია, რომ გავიხსენოთ არისტოტელეს „ნიკომაქეს ეთიკა“, რომელშიც მსგავსი აზრია წარმოდგენილი: ქონება არის ის, რაც ადამიანებს გულუხვობისა და ქველმოქმედების საშუალებას აძლევს, ანუ აღნიშნული სათნოებები კერძო საკუთრებასთან მიმართების შედეგად არსებობს და ხორციელდება. აქვე შეიძლება იმის დამატებაც, რომ კერძო საკუთრების უფლების დარღვევა, „Summa Theologica-ს“ მიხედვით, გარკვეულ ვითარებაში მისაღებია. შეკითხვაზე, დასაშვებია თუ არა ქურდობა უკიდურესი საჭიროების, საფრთხის შემთხვევაში, თომა აქვინელს ამაზე დადებითი პასუხი აქვს. კერძო საკუთრება, როგორც ადამიანის ბუნებითი უფლება, წარმოადგენს მისთვის ერთგვარ საჭიროებას საკუთარი მოთხოვნილებებისთვის, ამიტომაც იგივე უფლება შეუძლებელია ამავდროულად სხვა ადამიანებს (რომლებსაც უჭირთ) ზღუდავდეს და აკნინებდეს, მათ მოთხოვნილებებს უგულებელყოფდეს. შეიძლება ითქვას, რომ „Summa Theologica-ში“ საინტერესო კუთხითაა წარმოდგენილი კერძო საკუთრების იდეა, ერთის მხრივ, ახსნილია მისი მნიშვნელობა და დადებითი მხარეები, მეორეს მხრივ, კი, გვახსენებს მის როლს საზოგადოებრივი კეთილდღეობის, ხოლო არისტოტელეს ტერმინით თუ ვიტყვით, სათნოების კონტექსტში.