GE

ტრენინგი დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე

20 სექტემბერი 2014

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობით, სტუდენტებს სთავაზობს მონაწილეობას ინტენსიურ ტრენინგში "დისკრიმინაციის დაუშვებლობა: საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოში არსებული გამოწვევები".

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი უნივერსიტეტის იურიდიული ან/და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტებს.

ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას დისკრიმინაციის აკრძალვის, განსაკუთრებით გაეროს და ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებული საერთაშორისო სტანდარტების, აგრეთვე, ეროვნული კანონმდებლობის და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების შესახებ.

ტრენინგის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებების განვითარების ისტორიას და მის მნიშვნელობას კონსტიტუციაში, დისკრიმინაციის აკრძალვის და მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმებს, აგრეთვე, რელიგიის თავისუფლების საკითხს.

ტრენინგი ჩატარდება ბაზალეთის სასწავლო ცენტრში 2014 წლის 23-26 ოქტომბერს.

მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი: ტრენინგში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ CV ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: nihr@freeuni.edu.ge. წერილის სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს: "ტრენინგი დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ".

CV-ის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 5 ოქტომბერი, 18:00 საათი.

ტრენინგის მონაწილეების შერჩევა - გასაუბრების საფუძველზე.

დაფინანსება:

სტუდენტებისთვის ტრენინგში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი, რაც ტრენინგის ღირებულების 20% შეადგენს, დარჩენილი ნაწილი ფინანსდება სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ცოდნის ფონდის მიერ. გასაუბრების საფუძველზე შერჩეულ სტუდენტთა ნაწილი მიიღებს მონაწილეობისთვის სრულ დაფინანსებას.

მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ტრანსპორტირებით, საცხოვრებლით, კვებითა და სასწავლო მასალებით.