GE

უარყოფითი გარეგანი ეფექტის დაბალანსების გზები

06 მაისი 2021

თავისუფლებისა და კანონის ურთიერთთანხმობადობა, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურად საუკეთესო სიტუაციაა იმ შემთხვევაში, როდესაც პრობლემა უკავშირდება ერთმანეთზე გარკვეული (უარყოფითი) გავლენის მქონე მხარეებს (ფირმებს). მაშინ, როდესაც ორი უკიდურესი ვარიანტი - შეუზღუდავი თავისუფლება და ირაციონალურად შემზღუდავი კანონი - სარგებლის თვალსაზრისით ერთნაირი შედეგის მომტანია, მათი შუალედური ფორმა თავისუფლებაზე დაფუძნებული კანონის გზით აწესრიგებს ინტერესთა კონფლიქტს და ზრდის ჯამურ ეკონომიკურ მოგებას. ამისათვის „შესაბამისი“ კანონი თავის თავში არ უნდა მოიცავდეს იძულების არცერთ ფორმას, არცერთი სახით. იმისათვის, რომ მსჯელობა უფრო ნათელი გახდეს, განვიხილოთ შემდეგი მაგალითი.

წარმოიდგინეთ, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე მდებარეობს აეროპორტი, რომელიც, ბუნებრივია, ემსახურება თვითმფრინავებს. აეროპორტის მახლობლად, არის მიწის ფართი, რომელსაც ფლობს დეველოპერი. დეველოპერს აქვს სამშენებლო ბიზნესი და ამ ფართის გარგლებში აშენებს სახლებს/ბინებს. რაც უფრო მეტ თვითმფრინავს ემსახურება აეროპორტი, მით მეტი ხმაურია ამ ტერიტორიაზე, შესაბამისად, ნაკლებ ადამიანს სურს ბინის შეძენა აეროპორტის მახლობლად. შედეგად კი, დეველოპერი ზარალდება - ბინის ფასები იკლებს, რადგან არსებული გარემო-პირობების გამო მათი გაყიდვა გართულებულია (ამას უარყოფით გარეგან ეფექტს ვუწოდებთ). ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ როგორი კანონი დააბალანსებდა სიტუაციას ისე, რომ არ დაზარალებულიყო დეველოპერი (არ შელახულიყო მისი საკუთრების უფლება) და არც აეროპორტის თავისუფლება ყოფილიყო აბსოლუტურად შეზღუდული.

ამ საკითხის გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, თუ როგორი ტიპის იქნება თითოეული მხარის მოგების ფუნქციები. გამომდინარე იქიდან, რომ თვითმფრინავების რაოდენობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დეველოპერის ბიზნესზე, ცხადია, რომ დეველოპერის მოგების ფუნქციაში თვითმფრინავების რაოდენობის შესაბამისი ცვლადი აუცილებლად უნდა იყოს მოცემული.

აეროპორტისა და დეველოპერის მოგების მაჩვენებელი ფუნქციები აღვნიშნოთ, შესაბამისად R(ა) და R(დ) სიმბოლოებით, სადაც R მიუთითებს შემოსავალზე (Revenue). x-ით აღვნიშნოთ თვითმფრინავების ის რაოდენობა, რომელსაც აეროპორტი ემსახურება, ხოლო y-ით - დეველოპერის მიერ აშენებული ბინების რაოდენობა. დავუშვათ, აეროპორტის მოგების ფუნქციაა R(ა)=48x-x2, ხოლო დეველოპერის R(დ)=60y-y2-xy. დეველოპერის მოგების ფუნქციაში x და y კომპონენტების ნამრავლი მინუს ნიშნითაა წარმოდგენილი (რაც ასახავს ხმაურის შედეგად დეველოპერისთვის მიყენებულ ზარალს), რაც იმაზე მიუთითებს, რომ x (თვითმფრინავების რაოდენობა) რაც უფრო გაიზრდება, მით უფრო შემცირდება R(დ) (დეველოპერის მოგება).

განვიხილოთ სხვადასხვა კანონის არსებობის შემთხვევები და გამოვთვალოთ დეველოპერისა და აეროპორტის მოგებები შესაბამის სიტუაციაზე დაყრდნობით:

უპირველესყოფლისა, დავუშვათ, რომ ადამიანებს აქვთ სრული თავისუფლება (ვაჭრობის გარეშე) და არ არსებობს არანაირი შემზღუდველი კანონი, რომელიც, მაგალითისთვის, მიყენებული ზიანის აანაზღაურების პასუხისმგებლობას დააკისრებდა იმ პირს, რომელმაც სხვა ადამიანი დააზარალა. ეს სიტუაცია ნაწილობრივ ემსგავსება ჰობსის ‘მუდმივი ომის’ მდგომარეობას, რომლის შემთხვევაშიც ადამიანთა გაერთიანებების არარსებობა და შესაბამის კანონთა განუსაზღვრელობა, საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანური შრომის ნაყოფს - მისი ბედი შეიძლება გადაწყვიტოს გარეშე პირის შეუზღუდავმა ზიანისმომტანმა ქცევამ. ყოველივე კი გამოწვეულია იმ უსამართლო მდგომარეობის არსებობით, რომელსაც ბასტია თავისთავად მოცემულობად განიხილავს. ამ ბუნებითი მდგომარეობის დაძლევა კი მხოლოდ კანონის შემოღებითაა შესაძლებელი.

გამოვთვალოთ თვითმფინავებისა და ბინების რაოდენობები, ასევე აეროპორტისა და დეველოპერის მოგებები გაწარმოების ოპერაციის გამოყენებით: თუ R(ა)=48x-x2, შესაბამისად R(ა)’=48-2x=0, საიდანაც მივიღებთ, რომ x=24. შესაბამისად, აეროპორტი ემსახურება 24 თვითმფრინავს. ამ მნიშვნელობას შევიტანთ დეველოპერის მოგების განტოლებაში: R(დ)=60y-y2-xy=60y-y2-24y. ჩავატარებთ ანალოგიურ ოპერაციას: თუ R(დ)=60y-y2-24y, შესაბამისად R(დ)’=60-2y-24=36-2y=0, საიდანაც მივიღებთ, რომ y=18. რაც ნიშნავს, რომ დეველოპერის მიერ აშენებული სახლების რაოდენობაა 18. ახლა გამოვთვალოთ თითოეული მათგანის მოგება შესაბამისი რაოდენობების ფორმულაში ჩასმით, რის შედეგადაც მივიღებთ: R(ა)=576; ხოლო R(დ)=324. ამ შემთხვევაში ჯამური მოგებაა 900, თუმცა ეს არაა ყველაზე ოპტიმალური სიტუაცია არც ჯამური და არც ინდივიდუალური თვალსაზრისით.

ახლა, განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც გვაქვს კანონი: „არ შეიძლება ავნო სხვას“. ეს ფორმულირება იმაზე მიუთითებს, რომ საქმე კანონის პოზიტიურ ბუნებასთან გვაქვს, რასაც ბასტია უკავშირებდა კანონის ძალის მეშვეობით დაწესებულ რეგულაციებს. ამ კანონის არსებობის შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ აეროპორტი მხოლოდ ერთ თვითმფრინავს მოემსახურება, დეველოპერი მაინც დაზარალდება, აეროპორტს საერთოდ არ შეეძლება თვითმფრინავების მომსახურება. შესაბამისად აეროპორტის მოგება იქნება 0 (რადგან x=0, აქედან გამომდინარე R(ა)=0). რაც შეეხება დეველოპერს, მის მოგების ფუნქციაში ბოლო კომპონენტი, რომელიც x-ის შემცველია, საერთოდ გაქრება, რადგან წარმოებული თვითმფრინავების რაოდენობა იქნება 0 (x=0). შესაბამისად, მივიღებთ განტოლებას: R(დ)=60y-y2, გაწარმოების ოპერაციის შედეგად კი: R(დ)’=60-2y=0, საიდანაც y=30. შესაბამისად, დეველოპერის მოგება იქნება: R(დ)=900. ჯამური მოგება იქნება კვლავ 900, პირველი ვარიანტის მსგავსად.

ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დეველოპერის მოგება საგრძნობლად გაიზარდა, აეროპორტის მოგება 0-მდე შემცირდა. რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოცემული კანონი ეფექტიანი საერთოდ არაა - ირღვევა აეროპორტის მფლობელის უფლებები. ჰაიეკის მიხედვით, თუ კანონი კონკრეტული ბრძანებაა, მაშინ ის შევიწროვების ინსტრუმენტად შესაძლოა გამოდგეს. სწორედ ამ შევიწროვების შედეგია ის, რომ აეროპორტის მოგება 0-მდე დავიდა - დაირღვა თავისუფლებისა და კანონის ურთიერთთანხმობადობის პრინციპი.

დაბოლოს, გვაქვს კანონი: „თუ ავნებ სხვას, უნდა აუნაზღაურო“, რაც წინა შემთხვევის ე.წ. „პარეტო გაუმჯობესებაა“ (ერთ მხარეს უჩნდება უფრო მეტი სარგებელი ისე, რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს). ამ სიტუაციაში აქტუალურია კანონის უარყოფითი ბუნება, ე.ი. ბასტიას მიხედვით, შემთხვევა, როდესაც კანონი არის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უშლის გარკვეული ქმედებების განხორციელებას - ქმედებების, რომლებიც სხვას ან მათ ქონებას აყენებს ზიანს. არ იზღუდება თავისუფლება, რადგან მოქმედებს კანონი, რომელსაც ჰაიეკის მიხედვით ზოგადი წესის (თავისუფლების მომნიჭებელი) ფორმა აქვს.

ამ კანონის არსებობის შემთხვევაში, აეროპორტის მფლობელი ვალდებულია დეველოპერს აუნაზღაუროს ის ზარალი, რომელიც მას მისი საქმიანობის შედეგად ადგება. შესაბამისად, აეროპორტმა უნდა აუნაზღაუროს დეველოპერს ამ უკანასკნელის მოგების ფუნქციის (-xy) კომპონენტი, რადგან მისი დონის განმსაზღვრელია თვითმფრინავების ის რაოდენობა, რომელსაც აეროპორტი ემსახურება. შესაბამისად, დეველოპერის მოგების ფუნქციიდან (-xy) კომპონენტი გაქრება და მივიღებთ იგივე შედეგს, რაც მე-2 ვარიანტში მივიღეთ: R(დ)=900, ხოლო აშენებული სახლების რაოდენობა იქნება 30 (y=30). განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი კანონის არსებობის შემთხვევაში აეროპორტს ფუნქციონირება არ შეეზღუდება, თუმცა მის მოგების ფუნქციას დაემატება (-xy) კომპონენტი: R(ა)=48x-x2-xy. რადგან y=30, ამ მონაცემს შევიტანთ განტოლებაში: R(ა)=48x-x2-30x=18x-x2. გაწარმოების ოპერაციის შედეგად კი მივიღებთ: R(ა)’=18-2x=0, საიდანაც x=9. შესაბამისად, R(ა)=81.

ამ უკანასკნელ შემთხვევაში, როდესაც თავისუფლება და კანონი ერთმანეთთან ურთიერთთანხმობაშია, ჯამური მოგება იქნება 981, რაც წინა ორ ვარიანტთან შედარებით (900) გაცილებით უკეთესი შედეგია. აღნიშნული კი კანონის უარყოფითი ბუნების თავისებურებებზეა დაფუძნებული. ბასტიას ამგვარი განსაზღვრება კანონისა, რაც თავის თავში მოიაზრებს ‘ზოგადი წესის’ შინაარსის მქონე კანონის არსებობასა და თავისუფლების იმ ხარისხსაც, რომელიც კანონისმიერ წესრიგს შეეთავსება, უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტური, თავისთავადი უფლებების დაცვას, შენარჩუნებას, გამყარებას და ამასთანავე, ჯამური ეკონომიკური მოგების გაზრდასაც.