GE

VADS-ის გამოფენა - "ეკონომიკის საფუძვლები"

03 თებერვალი 2015

4 თებერვალს 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა VADS-ი წარმოგიდგენთ პირველი კურსის პირველი სემესტრის შემაჯამებელ გამოფენას "ეკონიმიკის საფუძვლები."

გამოფენის სათაური ზოგადი განათლების საგნების ჩამონათვლიდანაა აღებული, რომლებიც ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის სკოლის სტუდენტებმა ამ სემესტრში გაიარეს.

გამოფენა VADS-ის განყოფილების სამივე სართულზეა განაწილებული და შენობის ფოიეში შემოსვლისთანავე ანო ჯიშკარიანის გაზეთებით გაკეთებული მოზრდილი ნახატი-კოლაჟი, თიკა შელიას ინსტალაცია ქალაქის თემაზე, სათამაშო ფასადიანი სახლი-სანაგვე და მაკო კრიხელის ფერწერული ნამუშევრები იქცევს ყურადღებას. მაქსიმე მაჩაიძის მინიატურული ინსტალაცია კიბის კუთხეშია მიმალული.

მეორე სართულზე სანდრო კენჭაძის დიდი ზომის ნამუშევრებია გამოფენილი - ინსტალაცია და ფერწერა.

ზოგადად წარმოდგენილი ნამუშევრები სხვადასხვა თემატიკისაა და განსხვავებულ მასალებშია შესრულებული.

მესამე სართული მცირე ზომის ქანდაკებებს და სამგანზომილებიან ნამუშევრებს ეთმობა. გარდა ამისა, კედელზე შავი ტულის ფონზე გამოფენილია სოფო ჯაყელის ხეზე შესრულებული ნამუშევრები. აქვე არის გიორგი გრძელიშვილის, ბექა ბერაძის და მარი ცალანის სამგანზომილებიანი ნამუშევრები.

პროფესორები: თეა გვეტაძე და კოტე სულაბერიძე.

გამოფენა გაიხსნება 4 თებერვალს 17:00 საათზე და 15 მარტამდე გაგრძელდება.