GE

VADS-ის სტუდენტები გარიყულაზე

05 ოქტომბერი 2015

19 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრ არტ ვილა გარიყულაში გაიხსნა ძმებ ზდანევიჩების სახელობის მე-7 საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი - Fest i Nova G-15.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის მეორეკურსელი სტუდენტების ნამუშევრებიც:

✔ "ძველი ახალი დასაწყისი" თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის მეორე კურსის ერთობლივი პროექტი. ამ ნამუშევრის ნაწილი არის ჰოლოგრამის ინსტალაცია, ავტორები: ინგა ხატიაშვილი და მაკო კრიხელი.

✔ სანდრო კენჭაძე
"დროის მანქანა- BMW," 2015
შერეული ტექნიკა.

კონცეფცია:

ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის მეორე კურსელების ხის კონსტრუქცია და იქვე განთავსებული "დროის მანქანა-BMW" ინსტალაცია ვიზუალურად აერთიანებს წლევანდელი გარიყულას ფესტივალის "სიჩქარის" იდეას. სიჩქარე დროსთან ასოცირდება. დრო კი, სამ ნაწილად იყოფა: წარსული აწმყო და მომავალი. არტ ვილა გარიყულას შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისშია შექმნილი და დღეს ამ ადგილის სიმბოლოს წარმოადგენს. VADS-ის სტუდენტებმა წარსულის სახით სწორედ გარიყულას სასახლის პირველი სართულის გეგმა წარმოადგინეს რვაკუთხა ხის კონსტრუქციაში, კერძოდ შენობის იატაკი, რომელიც მრავალფეროვანი ფილებით არის მოპირკეთებული. ნამუშევარში სასახლის იატაკის გეგმის სრული კონტურული მონახაზი ახალ სახეს და მნიშვნელობას იძენს. ძველი იატაკი არის ერთგვარი ფუძე, კვარცხლბეკი ყველაფერი ახლის რაც ნამუშევარშია ასახული. იმისათვის, რომ ინსტალაცია ადვილად აღქმადი ყოფილიყო ყველა წერტილიდან და ამავდროულად ჰქონოდა სიჩქარის ვიზუალური ილუზია, არტისტებმა საუკეთესო ფორმად ოქტოგონი მიიჩნიეს და სწორედ ასეთ ფორმაში ჩასვეს "ძველი ახალი დასაწყისი". ოქტოგონის გვერდით წარმოდგენილია ვადსის სტუდენტის, სანდრო კენჭაძის, მიერ შექმნილი "დროის მანქანა-BMW", რომლის საშუალებითაც არტისტებმა იმოგზაურეს გარიყულას იატაკის წარსულიდან მისი დღევანდელი ვარიანტის ახალ იდეამდე.

Fest i Nova 2015-ის გახსნაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა არტისტების მიერ არტ ვილა გარიყულაში შექმნილი პროექტები.
ქვეყნები: საქართველო, ამერიკა, საფრანგეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი - უელსი, რუსეთი, აზერბაიჯანი,უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ირანი.

Fest i Nova 2015 კონცეფცია

G-15

ადამიანები გამუდმებით ცდილობენ დაძლიონ მიზიდულობის ძალა და გადაკვეთონ საზღვარი, რომელსაც გრავიტაცია ქმნის, თუმცა ამას ყველა სხვადასხვანაირად ახერხებს. ზოგი მთვარისკენ მიმართულ რაკეტაში ჯდომით, ზოგი ფორმულა 1-ის მანქანაში გასაოცარი სისწრაფის განვითარებით, ზოგი კი წარმოსახვაში, სიზმრებში, შემოქმედების პროცესში. ყველა ეს პროცესი ერთნაირად საინტერესოა, რადგან საერთო მიზანი ყველა მათგანში სხვადასხვანაირად მიიღწევა.
ჩვენ ვიცით, რომ g-12 ის მაქსიმუმია, რასაც ადამიანის სხეული აჩქარებისას უძლებს და რაც, მაგალითად, კაფსულაში მჯდომ ადამიანს შეუძლია განავითაროს თუმცა ადამიანის მიერ სიზმარში ან შემოქმედების პროცესში განვითარებული აჩქარების კოეფიციენტი გაზომვას არ ექვემდებარება. ჩვენ არ ვიცით რა არის G-ს მაქსიმუმი ადამიანის გონებისათვის.
ამიტომ სიმბოლურად ვიღებთ G-15-ს, მდგომარეობას, როცა სხეულს აღარ შეუძლია გაუძლოს უფრო ძლიერ აჩქარებას, თუმცა გონება ითხოვს მეტს, როცა ადამიანი დგას ცნობიერისა და არაცნობიერის ზღვარზე."