ვახტანგ გიორგაძე შვეიცარიიდან
20 მაისი 2018
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა დავამთავრე 2014 წელს. იურიდიულ ფირმასა და იუსტიციის სამინისტროში რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტე უცხოეთში სწავლის გაგრძელება და 2017 წელს დავამთავრე ჟენევის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა (MIDS – Master in International Dispute Settlement). აღნიშნული პროგრამა კონცენტრირებული არის საერთაშორისო სამართალში დავების გადაწყვეტის მექანიზმებზე. სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეობა მივიღე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ "ახალგაზრდა პროფესიონალის" კონკურსში (WTO Young Professionals Programme) და რამდენიმე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ მუშაობა დავიწყე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დეპარტამენტში, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის წევრებს შორის საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტას (Legal Affairs Division).
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია უპირობოდ საუკეთესო ადგილია მათთვის ვისაც აინტერესებს საერთაშორისო სავაჭრო სამართალი, განსაკუთრებით კი დავების გადაწყეტაზე პასუხისმგებელი დეპარტამენტი, რომელიც გაძლევს უნიკალურ საშუალებს გახდე უშუალო მონაწილე პროცესისა თუ როგორ ხდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრებს შორის ეკონომიკური ხასიათის დავების გადაწყვეტა. მუშაობის დაწყებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული ამბიციურ პროექტში (WTO Analytical Index), რომელიც მოიცავდა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელშეკრულებებზე მიღებული ასეულობით გადაწყვეტილების ანალიზს და მკითხველისათვის იმ ინფორმაციის მიწოდებას თუ როგორ ხდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელშეკრულებებში არსებული ვალდებულებების განმარტება. ამჟამად ვმუშაობ ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკურ დავაზე და საქმეზე მომუშავე გუნდთან ერთად სამართლებრივ დახმარებას ვუწევ სამი პიროვნებისაგან შემდგარ ტრიბუნალს, რომელმაც საბოლოოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ დავაზე.
2010 წელს, როდესაც თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ვაბარებდი, ძნელად წარმოვიდგენდი რომ 2018 წელს მუშაობას დავიწყებდი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. სიმართლე ის არის, რომ 2010 წელს თავისუფალ უნივერსიტეტში მოხვედრაშიც კი არ ვიყავი დარწმუნებული. ჩემი ბოლო რვა წლის კარიერული მიღწევები ძალიან მარტივად თავსდება ერთ ფურცლისაგან შემდგარ რეზიუმეში, თუმცა ის ფაქტი, რომ თითოეული შედეგის მისაღწევად დიდი შრომა და ბრძოლაა საჭირო რეზიუმეს მიღმა იკარგება. რეზიუმეს მიღმა იკარგება ასევე ის ფაქტი, თუ რამდენჯერ ვერ მივაღწიე დასახულ მიზანს და რამდენჯერ მითხრეს უარი. როგორც ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა აღნიშნა, სწორედ ასეთი უარებისაგან შემდგარი რეზიუმე უნდა გაუგზავნო სტუდენტებს, რომელთაც ჰგონიათ რომ მხოლოდ დიპლომის მოპოვება რაიმეს გარანტიაა. სამწუხაროდ არსებიბენ დამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ცდილობენ დაგაჯერონ, რომ ან არ შეგიძლია ან არ ხარ საკმარისად კარგი ან "მანდ რატომ სწავლობ ბენდუქიძე გაზომბირებს". მაგრამ საბედნიეროდ, მხვდებოდა ხალხი, რომელიც მუდმივად ცდილობა დავეჯერებინე, რომ ყველაფერი შესაძლებელია. დასახულ მიზანს აუცილებლად მოჰყვება შედეგი, შესაბამისი სურვილისა და მცდელობის შემთხვევაში და იმ ნეგატიური ფიქრების განდევნაში, როგორიც არის "მანდ ვინ ამიყვანს" ან "მანდ ხო იცი როგორც ხდება, უკვე დანიშნული ჰყავთ ვიღაც".
საბოლოოდ კი ალბათ იმას ვიტყოდი, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს არჩევანი, რომელიც დაკავშირებულია საკუთარი კომფორტის ზონაში ყოფნასთან და უფრო მეტის მიღების სურვილთან, ვიდრე ეხლა აქვს.