GE

"ვეფხისტყაოსნის" კორეულ ენაზე მთარგმნელი - პროფესორი ჩო ჯუ კვანი კამპუსში

19 მაისი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვია "ვეფხისტყაოსნის" კორეულ ენაზე მთარგმნელი, იონსეს უნივერსიტეტის პროფესორი ჩო ჯუ კვანი.

კორეელმა სტუმარმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა "ვეფხისტყაოსნის" პირველი კორეული თარგმანი, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა სეულში. ბიბლიოთეკაში გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა, რომ წელს მსოფლიო აღნიშნავს რუსთველის 850 წლის იუბილეს და მისი თარგმანი აღნიშნული თარიღისადმი მიძღვნილი გამოხმაურებაა კორეიდან.

სტუმარმა მადლობა გადაუხადა თავისუფალ უნივერსიტეტს, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტს კორეული ენისა და კულტურის სწავლებაში მიღწეული წარმატებებისათვის. ჩო ჯუ კვანი იონსეს უნივერსიტეტში ლექციებს უკითხავს უცხოელებს. მათ შორის არიან სტუდენტები და კურსდამთავრებულები აზიისა და აფრიკის ინსტიტუტიდან. ერთი მათგანი - დოქტორანტი რუსუდან ფირცხალავა ეხმარებოდა კორეელ პროფესორს თარგმანში.

პროფესორი ჩო ჯუ კვანი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შემდეგ ეწვია კორეულ კაბინეტს. მან სტუდენტებს კორეულ ენაზე წაუკითხა ლექცია შედარებითი ლიტმცოდნეობის საკითხებზე, ისაუბრა "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტისა და რუსთველის მსოფლმხედველობის შესახებ. სტუმარი კმაყოფილი დარჩა სტუდენტებთან შეხვედრით, მათი ჩართულობით, კორეული ენის კარგი ცოდნით.

პროფესორი ჩო ჯუ კვანი და უნივერსიტეტის რექტორი გურამ ჩიქოვანი შეთანხმდნენ შემდგომ თანამშრომლობაზე. ამ დღეებში მომზადდება მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთობის გაღრმავებას თავისუფალ უნივერსიტეტსა და იონსეს უნივერსიტეტს შორის.