GE

ვიდეოთამაშების შექმნის მარათონი Game Jam +

03 ნოემბერი 2014

8-9 ნოემბერს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში დიდი გეიმდღესასწაული იგეგმება.

IGDA Georgia-სა და CG Georgia-ს მიერ ორგანიზებული ვიდეოთამაშების შექმნის მარათონი Game Jam + ტრადიციულად მრავალფეროვანია და განსხვავებული ინტერესების მქონე აუდიტორიაზეა გათვლილი.

Game Jam-ის მთავარი სეგმენტი, ვიდეოთამაშების შექმნის მარათონი, ორ დღე-ღამეს გაგრძელდება.

გუნდები წინასწარ შეთავაზებული თემის მიხედვით ვიდეოთამაშის მცირე პროტოტიპს შექმნიან. მარათონი პროტოტიპის შექმნით არ სრულდება. ნამუშევარს ჟიური აფასებს, გუნდი კი პროექტის განვითარებაზე საუბრობს.

ვიდრე გეიმდეველოპერები ბრეინშტორმინგში იქნებიან ჩართული, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის ტერიტორიას ვიდეოთამაშების მოყვარულთა არმია დაიპყრობს.

მათთვის აქ დამატებითი ღონისძიებები იგეგმება: თემატური ვიქტორინები, ტურნირები ვიდეოთამაშებში, დასრულებული პროექტების პრეზენტაციები, კონცეპტარტების კონკურსი და გამოფენა, ბორდგეიმები და, რა თქმა უნდა, მსგავსი ღონისძიებებისთვის აუცილებელი სეგმენტი – ქოსფლეი!

Game Jam-ის ქოსფლეის კარი ნებისმიერი სამყაროდან მოსული პერსონაჟისთვის ღიაა. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ანიმე ან კინოგმირი, თუმცა ქოსფლეის კონკურსში მხოლოდ გეიმპერსონაჟები მონაწილეობენ.