GE

"ვინ იცოდა, ამ უნარს, ასე თუ გამოვიყენებდით?"

20 ივნისი 2015

ერთ-ერთი მთავარი, რასაც უნივერსიტეტი ყოველთვის გვაჩვევდა, რთული შინაარსის მარტივ ნაწილებად დაშლა იყო და ვინ იცოდა, ამ უნარს, ასე თუ გამოვიყენებდით.

14-ში რთული დღე გათენდა, არაერთი დაღუპული, სახეცვლილი ქალაქი, რაღაცით "ჯუმანჯის" მსგავსი ახალ-ახალი ამბები. საპირისპიროდ, დიდი სურვილი დახმარების, გვერდში დგომის, სოლიდარობის. ვფიქრობდით, მოხალისედ, ლოკაციაზე გასვლას და ფიზიკურად დახარჯვას. ჩვენც იქ მივედით, სადაც აღჭურვილობა უნდა მიგვეღო და გაგვეგო სად წავსულიყავით.

ადგილზე მისულებმა დავინახეთ, ჩვენი სკოლის დეკანი, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, თითქმის განწირულები ცდილობდნენ პროცესის ორგანიზებას. ცხადი გახდა, რომ გარეთ შეკრებილი ასობით ადამიანი თავის მოქალაქეობრივ როლს - დახმარებოდა ქალაქს, სწორად აფასებდა, მაგრამ პროცესის ორგანიზების გარეშე, მისიის გარეშე დარჩებოდნენ.

დავიწყეთ ყველა მოხალისის რეგისტრაცია, დავაზუსტეთ ლოკაციები (მზიური, სვანაძის ქუჩა, ვაკის პარკი, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია), შევქმენით სამუშაო ჯგუფები, გამოვყავით მათი ლიდერები და იძულებულები გავხდით, ჯგუფების ცარიელი ხელებითა და თავისუფალი სვლით გაგზავნა დაგვეწყო. მიზეზი - არ გვქონდა აღჭურვილობა, ნიჩბები, ცოცხები, პირბადეები და არც მოხალისეების ტრანსპორტირების საშუალებები. დავიწყეთ რთული დავალების გამარტივება, გამოვიყენეთ მთელი რესურსი, ჟურნალისტებთან სიუჟეტი ჩავწერეთ, ვუთხარით რომ მოხალისეებს შიშველი ხელებით უწევდათ მუშაობა, ყველას მივაწვდინეთ ხმა. შედეგად, მივიღეთ აღჭურვილობა და არცერთი ჯგუფი ხელცარიელი აღარ გაგვიშვია, შევკრიბეთ მანქანიანის მქონე მოხალისეები და ლოკაციამდე ჯგუფები ფეხით აღარ მისულან.

გაჩნდა ახალი სირთულე, გვქონდა საკვები, მაგრამ საპირისპიროდ გვყავდა ასობით დაღლილი მოხალისე, ვისაც ამ საკვებს ვერ ვაწვდიდით. გავამარტივეთ, დავიხმარეთ ყველა, ვისაც ჰყავდა მანქანა, სადაც მანქანა უსარგებლო იყო, მოტოციკლი, ველოსიპედი (დროდადრო თავს ზემოთ გადაფრენილ ვეტრმრენებზეც გაგვირბოდა თვალი), მუდმივი კოორდინაცია გვქონდა შესაბამის სამსახურებთან და შედეგად მოხალისეებმა საკვები და სასმელი მიიღეს.

მეორე დღეს შევქმენით ცხელი ხაზი, რომელიც გამტარად იქცა და სრული ინფორმაცია ჩვენთან იყრიდა თავს. ინფორმაციას მცოცავი განრიგის ჯგუფებით ვუმკლავდებოდით. საღამოს გაუთვალისწინებელ სირთულე შეგვექმნა, სოციალური ქსელის ჯგუფი, სადაც ნებისმიერი ადამიანი მის საჭიროებას თუ საპირისპიროდ დახმარების სურვილს აფიქსირებდა, გაქრა. ცხელი ხაზი, რომელიც მთელი დღე აქტიურად მუშაობდა, გაუქმდა. გაუგებრობა დიდ ხანს არ გაგრძელდა, მარტივად გადაწყდა ეს სირთულეც, შეიქმნა ახალი ჯგუფი, კიდევ უფრო აქტიური და გაცილებით ორგანიზებული.

ამ დრომდე, მექანიზმი მუშაობს - გამგეობაში მისულ მოხალისეს აღჭურვილობა ხვდება, იგებს რომელ ლოკაციაზეა დახმარება საჭირო, ერთიანდება ჯგუფში, ჰყავს ლიდერი, იწყებს მუშაობას, შესვენებისას იღებს საკვებსა და სასმელს. დასასრულს, აბრუნებს აღჭურვილობას, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო პუნქტში გადის საჭირო პროცედურებს, მუშაობს ჯგუფი, სადაც მიმდინარე პროცესებზე სრული ინფორმაცია იყრის თავს. სირთულეები? სირთულეები იშლება მარტივ შემადგენლებად და გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება.

20.06.15
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტის, ანა ჭაიას ბლოგი.