GE

ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის გამოფენა გალერეა გაეროს სახლში

19 დეკემბერი 2014

17 დეკემბერს გაეროს სახლში გაიხსნა თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის (VADS)-ის გამოფენა, რომელიც აერთიანებს სტუდენტებისა და პროფესორების ნამუშევრებს.

ერთობლივი გამოფენა გაეროს სახლში VADS-ის გალერიის საინაუგურაციო პროექტს წარმოადგენს.

ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის სკოლა (VADS), ახლად შექმნილი სკოლაა თავისუფალ უნივერსიტეტში და სტუდენტების პირველი ნაკადი 2014 წელს მიიღო. პირველად საქართველოში, უმაღლეს სახელოვნებო სკოლაში მიღება მოხდა აბიტურიენტების პორტფოლიოების (ნამუშევრების კრებულის) და გასაუბრების საფუძველზე. მისაღებ ტურში მომავალმა სტუდენტებმა მრავალი საინტერესო ნამუშევარი წარმოადგინეს და სწორედ პორტფოლიოებიდან არჩეული საუკეთესო ნამუშევრები არის ერთობლივი გამოფენის ფოკუსი.

ერთმანეთის გვერდით გამოფენილია რადიკალურად განსხვავებული თემატიკის და განსხვავებულ მასალაში შექმნილი ნამუშევრები: იქნება ეს დიმიტრი გელბახიანის ტექნიკურად დახვეწილი ფლანდრიული ფერწერის სკოლის სტილში შესრულებული პეიზაჟები თუ ანო ჯიშკარიანის ოპ-არტ ობიექტი ან დათა გიორგაძის ციფრული ნამუშევრები. პირველკურსელების აბიტურიენტობის დროინდელი ნამუშევრების მრავალფეროვნება მათი პროფესორების ნამუშევრებთან ერთად მაყურებელს აცნობს ახლად შექმნილი სკოლის პროფილს: ინტერდისციპლინარული, ტრადიციული და თანამედროვე ორიენტაციების თანაარსებობა, მოტივირებული და გახსნილი სტუდენტები და დღეს თბილისში მოღვაწე საუკეთესო ხელოვანები: ლევან ჭოღოშვილი, ლია შველიძე, თეა გვეტაძე., კოტე სულაბერიძე და გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი.

გამოფენა გაეროს სახლში 7 თებერვლამდე იქნება წარმოდგენილი.

მისამართი: გაეროს სახლი, ერისთავის ქ. 9, თბილისი, 0179, საქართველო.