GE

ხატია ვოლნისტის საჩივარი დაკმაყოფილდა

01 ივლისი 2015

ხატია ვოლნისტის საქმე მის სასარგებლოდ დასრულდა. საინტერესო დავა მედიამაც არაერთხელ გააშუქა. წლების მანძილზე ხატია სხვადასხვა საჯარო უწყებას სთხოვდა შეცდომა გაესწორებინათ და საბუთებში სქესი - მდედრობითი მიეთითებინათ.

ამა წლის 11 მარტიდან ხატიას ინტერესებს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კლინიკა იცავდა, სადაც საქმეზე სტუდენტები- ანა ჭაია და თამარ ქეცბაია მუშაობდნენ.

სამართლის სკოლის კლინიკაში მოსვლამდე, ხატიას რამდენჯერმე უთხრეს უარი ოფიციალურ დოკუმენტებში რეალური სქესის, მდედრობითის ჩაწერაზე.

ხატია დაიბადა 1995 წელს ქალაქ ზუგდიდში. გაურკვეველი მიზეზების გამო მისი დაბადების აქტის ჩანაწერში, ნაცვლად მდედრობითისა, სქესად მიეთითა მამრობითი.

ამ პრობლემის გამო ხატიამ ვერ აიღო ვერც ერთი, სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რის გამოც მას შეეზღუდა თავისუფალი გადაადგილება საზღვარგარეთ, განათლების უფლება, საკუთრების უფლება, შრომის უფლება, ჯანდაცვის უფლება, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის მიღების, თავისუფალი სასამართლოსა  და ქორწინების უფლება.

ამასთანავე ხატია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია, რომელსაც ეკუთვნის ყოველთვიური პენსია, თუმცა ის  ამ უფლებით ვერ სარგებლობს. აგრეთვე, ხატიას პირადობის მოწმობის არქონის გამო ოჯახს ხელი ეშლება სახელმწიფოს მიერ მიცემული ბინის საკუთრებაში მიღებაში.

სამართლის სკოლის სტუდენტებთან ერთად, ხატიამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით მიმართა. განცხადება ითვალისწინებდა ყველა ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც ადასტურებს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დაშვებულ არაერთ შეცდომას და შეიცავდა მითითებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს თავად გამოეყენებინა კანონით დადგენილი უფლება, ხარვეზის აღმოჩენის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება და შეესწორებინა იგი (რაც საბოლოოდ განხორციელდა კიდეც). თუმცა, თავდაპირველად 2015 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ხატიას კვლავ უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე.

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დახმარებით ხატიამ სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პარარელურად, მედიასაშუალებებში გასული სიუჟეტებისა თუ დაწერილი სტატიების გამო თემა ცნობილი გახდა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის.

სასამართლო დავის დასრულებამდე, 30 ივნისს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ხატიას აცნობეს, რომ ხარვეზი, რომელიც მისი დაბადების აქტში იყო დაშვებული, შესწორებულია და შედეგად ის  პირადობის დამადასტურებელ მოწმობას მიიღებს. შესაბამისად, სასამართლო დავის გაგრძელების აუცილებლობა აღარ არის.

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კლინიკების მიზანია უფასო იურიდიული დახმარება გაუწიონ ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს და ამავე დროს დაეხმარონ სამართლის სკოლის სტუდენტებს მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, კლინიკას, რომელშიც საადვოკატო მომსახურებას სტუდენტები ასრულებენ, ჯერ არც ერთი საქმე არ წაუგია.