GE

ყოველწლიური შეჯიბრი კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში

08 იანვარი 2020

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს გუნდების რეგისტრაციას კლიენტთა კონსულტირების ყოველწლიური შეჯიბრის ეროვნულ რაუნდებში მონაწილეობის მისაღებად.

შეჯიბრის ორგანიზებასა და ადმინისტრირებას ახორციელებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი. შეჯიბრის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG).  

ზოგადი ინფორმაცია შეჯიბრის შესახებ

შეჯიბრის მიზნებია: 1) სტუდენტებისთვის კლიენტთა კონსულტირების მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, რომელიც ადვოკატის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია და 2) სტუდენტებისთვის შესაბამისი საბაზისო ცოდნის მიცემა და ამ უნარების დახვეწის შესაძლებლობა.

კლიენტთა კონსულტირების შეჯიბრი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

ტრენინგი(სამუშაო ენა: ინგლისური/ქართული)

ტრენინგი ემსახურება სტუდენტებისა და მათი მწვრთნელების შეჯიბრისთვის მომზადების მიზანს. ტრენინგი ჩატარდება ლექციებისა და უნარ-ჩვევების დემონსტრირების ფონზე. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ კლიენტთა კონსულტირების სიმულაციურ სესიებში და მოისმინონ ექსპერტების შეფასება. 

ტრენინგი ჩატარდება 2020 წლის 25-26 იანვარს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. ტრენინგში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა გუნდისთვის.

ტრენინგის შემდეგ მონაწილეები გადაინაცვლებენ შეჯიბრის ეტაპზე.

შეჯიბრი (სამუშაო ენა: ინგლისური)

შეჯიბრზე თითოეული გუნდი შეასრულებს ადვოკატის როლს სიმულირებულ იურიდიულ ფირმაში. გუნდებს აქვთ 45 წუთი, რათა შეხვდნენ ახალ კლიენტს, გამოარკვიონ კლიენტის პრობლემა, მისცენ რჩევა, გაუწიონ კონსულტაცია და ჩაებან კონსულტაციის შემდგომ დისკუსიაში.  შესაბამის უნარ-ჩვევათა ეფექტურობა  შეფასდება  მოსამართლეების მიერ.  გამარჯვეული გუნდი დასახელდება ეროვნულ ჩემპიონად. ეროვნულ დონეზე გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება გაემგზავროს კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრზე (შეჯიბრის ორგანიზატორი არ უზრუნველყოფს ეროვნულ რაუნდში გამარჯვებული გუნდის საერთაშორისო შეჯიბრზე გამგზავრებას. აღნიშნული წარმოადგენს გამარჯვებული გუნდის პასუხისმგებლობას).

შეჯიბრი ჩატარდება 2020 წლის 1-2 თებერვალსთბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.

გუნდების რეგისტრაცია

ერთი უნივერსიტეტიდან შეიძლება წარმოდგენილ იქნეს არაუმეტეს 2 გუნდი. თითოეული გუნდი შედგება 2 ძირითადი და 1 სათადარიგო მონაწილისგან. სათადარიგო მონაწილე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს შეჯიბრში მონაწილეობას, თუ გუნდის ძირითადი წევრი რაიმე ობიექტური ან საპატიო მიზეზის გამო ვერ ახერხებს შეჯიბრში მონაწილეობას. გუნდის წევრის ცვლილება უნდა მოხდეს შეჯიბრის დაწყებამდე, შეჯიბრის მსვლელობის დროს ცვლილება არ დაიშვება.

კანდიდატები უნდა იყვნენ სამართლის სკოლის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას.

შეჯიბრში მონაწილეობა არ შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები ან გადიან ადაპტაციის პროგრამას, ასევე იმ პირებს, რომლებიც ეწევიან იურიდიულ პრაქტიკას და ამ პრაქტიკის ერთ-ერთი კომპონენტი კლიენტთან კონსულტირებაა.

გუნდი უნდა დაკომპლექტდეს შეჯიბრის წესების სრული დაცვით და ამ პროცესზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც თითოეულ გუნდს, ასევე გუნდის წარმდგენ უნივერსიტეტს. აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს გუნდის დისკვალიფიკაციას. არც შეჯიბრზე და არც ტრენინგზე არ დაიშვებიან ის სტუდენტები, რომლებსაც ანალოგიურ ტრენინგში გასულ წლებში ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა.

შეჯიბრში მონაწილეობისთვის გუნდებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა 2020 წლის 20 იანვრის ჩათვლით.

შეჯიბრში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს რვას, რაც გულისხმობს, რომ რეგისტრაციის ვადა არის საორიენტაციო და შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ ის გუნდები, რომლებიც უფრო ადრე დარეგისტრირდებიან. 

ინფორმაცია საერთაშორისო რაუნდებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.brownmosten.com/iccc2020.html

საკონტაქტო პირი: ირაკლი გვარამაძე, i.gvaramadze@freeuni.edu.ge