ზღვარი ადამიანის ქმედებებსა და კანონებს შორის
09 აპრილი 2021
მოგეხსენებათ ადამიანი ყველაზე ამოუცნობი არსებაა, ძნელია წინასწარ განჭვრიტო თუ რა სურვილები, მიზნები და ფიქრები გააჩნია ადამიანებს. სწორედ ადამიანების ქმედებებმა განაპირობა, რომ შექმნილიყო სამართლის სისტემა, მათ შორის ბუნებითი სამართალი, რომელიც აღკვეთდა ადამიანის ბოროტ ზრახვებსა და ქმედებებს და მოაწესრიგებდა მათ შორის ურთიერთობებს. ბუნებითი სამართალი წარმოადგენს ერთგვარ სამართლებრივ სისტემას, რომელიც ძირითადად აგებულია ადამიანის ღირებულებებზე, ისინი ადამიანებს ბუნებითად აქვს მინიჭებული და არ საჭიროებს ლეგიტიმაციას. ბუნებითი სამართალი ხომ ღმერთისგან, ადამიანის არსისგან და ბუნებიდან მომდინარეობს, რომელიც დანდაყოლილი აქვს ყველა ადამიანს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანის ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის ბუნებით სამართალთან, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი მორალურად გამართლებულია.
ადამიანი მორალური არსებაა, შეიძლება ითქვას, რომ მორალი თავად ადამიანია, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი იმ ზნეობრივ კანონებს ემორჩილება, რომლებსაც მას სინდისი კარნახობს. ეს კარნახი კი შეიძლება სრულიად განსხვავდებოდეს, ან ეწინააღმდეგებოდეს ბუნებით სამართალს. ხოლო ქრისტიანობისთვის ბუნებითი სამართალი გამომდინარეობს არა მცნებებისგან ან ადამიანის მორალისგან, არამედ ღვთიური ხატებისგან, ბუნებითი სამართლის არსებობა კი წარმოადგენს მადლით მოსილი ცხოვრების საწინდარს. ამ ყოველივეს საფუძველზე კი ყველა ქმედება რაც ბუნებით სამართალსა და ღმერთის ნებას ეწინააღმდეგება მიიჩნევა ამორალურად და გაუმართლებრად.
ბუნებით სამართალზე დაყრდნობილმა ცხოვრებამ და ამ ჩარჩოებში მოქცევამ შესაძლოა ადამიანს დროებითი კმაყოფილება ან უკმაყოფილება მოუტანოს, თუმცაღა მნიშვნელოვანია, რომ ეს ცხოვერeბა ხელსაყრელი, კომფორტული იყოს ადამიანiსთვის არა დროებით, არამედ ხანგძლივად. ბუნებითი სამართალი მორგებული უნდა იყოს ადამიანებზე და არა პირიქით, ადამიანები და მათი ქმედებები იყვნენ მორგებული ბუნებით სამართალზე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დროება იცვლება და როგორც ადამიანებმა ასევე სამართალმა მას ფეხი უნდა აუწყოს, ჭეშმარიტი ბედნიერება მხოლოდ ამ გძით შეიძლება მოიპოვო და არ ღვთიურ გონებასთან ჰარმონიზაციით.
ფლეტჩერი თავის ნაწარმოებში ამბობს თუ როგორ შეიძლება ქმედებები იყოს მორალურად მისაღები მაშინაც კი, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან ეგრეთწოდებულ ზნეობრივი კანონებსა და ბუნებით სამართალს და ამის მაგალითად მოჰყავს იესოს ქმედება, როდესაც მან შაბათ დღეს დასნეულებული ადამიანები განკურნა. 21–ე საუკუნეში კი უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგევართ, მართალია ადამიანის სიცოცხლე არ არის აბსოლიტური უფლება, მაგარამ ბუნებით სამართალში ამ უფლებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რადგან მიიჩნევა, რომ სიცოცხლე სწორედ ღმერთის მიერ არის ბოძებული და არ შეიძლება ადამიანის ჩარევის შედაგად იქნეს სხვა სულიერი არსების სიცოცხლე ხელყოფილი, რის საფუძველზეც ბუნებით სამართალი წინააღმდეგობაში მოდის ევთანაზიასთან. მაგრამ არის მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც ევთანაზია გამართლებული და მორალურად მისაღები ქმედებაა, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა ბუნებით და ზნეობრივ კანონებთან. როდესაც ადამიანი, რომელიც მძიმე ავადმყოფია და განიცდის მძიმე სულიერ, ფიზიკურ, მორალურ ტანჯვას და მისი ყოველდღიური ცხოვრება ემსგავსება ჯოჯოხეთს, მისთვის ყველაზე მარტივი რაც შეიძლება გააკეთო არის შეუმსუბუქო ყოფა და მისივე ნებართვის განახორციელო აქტიური ქმედება. მსგავსი ქმედება მორალურად მისაღებია, რადგან იგი მიმართულია არა განზრახ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისკენ, რომელიც სისხლის სამართლით არის დასჯადი, არამედ სხვისი ცხოვრებისა და ტანჯვის შესამსუბუქმებლად.
და ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომლის ფუნდამენტსაც წარმოადგენენ იდეები. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდ იდეას წარმოადგენს სიკეთისა და თავისუფლების იდეა, როგორც „ყოფიერების ყველაზე კაშკაშა გამოვლინება“. ეს არის იდეა, რომელიც ადამიანს გონივრული ქმედებისკენ უბიძგებს. პლატონის სახელმწიფოში ვკითხულობთ, რომ ის საზოგადოებაა იდეალური, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიაში იქმნება, მაგრამ ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნა არ გულისხმობს მისი კანონების თვალახვეულ აღსრულებას.