GE

ზურა ოშხნელი ირლანდიიდან

05 ნოემბერი 2017

ერთი წლის წინ აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტის კამპუსში ვიქნებოდი და ბლოგს დავწერდი ჩემი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ, მაგრამ iGeneration-მა და თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლამ ჩემი ცხოვრება შეცვალა და ეს დაუჯერებელი შესაძლებლობა მომცა.

თავისუფალ უნივერსიტეტში აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საბაკალავრო პროგრამაზე ვსწავლობდი, ირლანდიაში კი საერთაშორისო ბიზნესს ვსწავლობ. თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის ხიბლი ახლა განსაკუთრებით ვიგრძენი, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალობა შევიცვალე, თავისუფალმა უნივერსიტეტმა მომცა საბაზისო ცოდნა, რომლის დამსახურებით ამ ცვლილებას ადვილად შევეგუე და ახალი სპეციალობის სწავლა ჯერ-ჯერობით არ მიჭირს.

სწორედ თავისუფალი უნივერსიტეტში დავინტერესდი საერთაშორისო ეკონომიკით, ბიზნესითა და გლობალიზაციით, რამაც სურვილი გამიჩინა, რომ ამ მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა. iGeneration-ის ფონდის შესახებაც სწორედ ამ დროს გავიგე და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, თავისუფალმა უნივერსიტეტმა მომცა იმდენი თავდაჯერებულობა და განათლება, რომ ეს შევძელი. ახლა ვხვდები რატომ მოხდა ისე, რომ iGeneration-ის 6-ვე სტიპენდიანტი კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტების სტუდენტები აღმოვჩნდით.

iGeneration-ის პროგრამა მიფინანსებს სწავლას, ცხოვრებას, ყოველთვიურ სტიპენდიას, წიგნების, საბუთებისა და მგზავრობის ხარჯებს, მე კი ისღა დამრჩენია ვისწავლო და დავტკბე აქაურობით, რადგან აქაურობა მართლაც შთამბეჭდავია.

ლიმერიკის უნივერსიტეტის კამპუსი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მწვანე კამპუსია ევროპაში. გარდა ამისა, ის იმდენად მრავალფუნქციურია, რომ ქალაქში გაუსვლელად მოახერხებ სხვადასხვანაირი ტიპის გართობას: კინო, პაბი, კლუბი და ასე შემდეგ, ნებისმიერი სპორტით დაკავებას (ჩამოთვლას დიდი ხანი მოვუნდები და ალბათ ვერც შევძლებ) და საყიდლებზე სიარულიც.

რაც შეეხება აკადემიურ მხარეს, უნივერსიტეტს გააჩნია ძალიან დიდი რესურსების ბაზა და ბიბლიოთეკა, რომლის დახმარებითაც სწავლა ბევრად ადვილი და შედეგიანია. ჩემი ფაკულტეტის მთავარი ხიბლი კი ის არის, რომ საგნებს მე ვირჩევ, აქედან გამომდინარე, შემიძლია მიმართულება და სპეციალობა ჩემს ინტერესებს მოვარგო, რაც სწავლას უფრო საინტერესოს ხდის.

რამდენიმე სიტყვას ირლანდიასა და ირელნდიელებზეც ვიტყვი. სანამ გავიგებდი, რომ გავიმარჯვე ირლანდიაზე ბევრი ნამდვილად არ ვიცოდი, შემდეგ დავიწყე ძებნა და დათვალიერება, თუმცა ჩამოსვლის შემდეგ შთაბეჭდილებებმა მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად საკმაოდ რთულად შესაჩვევი ამინდისა, აქაურობა საცხოვრებლად იდეალურია: სიმწვანე და ბუნების სილამაზე, ინფრასტუქტურა და მაღალი ცხოვრების დონე.

ირლანდიელები და მათი კულტურა გაცნობისთანავე შეგიყვარდებათ. ისინი ქართველების მსგავსად გართობის მოყვარულია ხალხია, თუმცა უფრო გახსნილი და ადვილი საურთიერთო. აქვთ კარგი იუმორის გრძნობა,  არ ერიდებიან საკუთარ აქცენტსა და ისტორიაზე ხუმრობასაც, ალბათ იმიტომ, რომ აწმყო იმდენად კარგია სახუმარო ბევრი არაა.

რომ შევაჯამო, ირლანდიაში ცხოვრება და სწავლა იმდენად სასიამოვნოა, რომ უარყოფით მხარეების ჩამოთვლას ბევრი ფიქრი სჭირდება. ასე რომ, მოვუწოდებ სტუდენტებს მათაც მიიღონ მონაწილეობა iGeneration-ის პროგრამაში. არ შემიძლია ეს ბლოგი ისე დავასრულო, რომ თავისუფალ უნივერსიტეტს მადლობა არ გადავუხადო, რადგან მან, ბევრ სხვასთან ერთად,  მასწავლა თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობა. მჯერა, რომ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები საქართველოს წარმატებაში დიდ როლს ითამაშებენ!