პროფესორ ჯენიფერ მერფი როუმიგის შეხვედრები სკოლის წარმომადგენლებთან
11 ოქტომბერი 2026
8 ოქტომბერს, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში, ემორის უნივერსიტეტის პროფესორ ჯენიფერ მერფი როუმიგთან გაიმართა შეხვედრები თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებთან.
სამართლის სკოლის აკადემიურმა პერსონალმა პროფესორ როუმიგთან ერთად განიხილა სწავლების მეთოდებისა და შეფასების სისტემების საუკეთესო პრაქტიკა სამართლის განათლებაში.
მომდევნო სესიებში მონაწილეობდნენ ორივე უნივერსიტეტის მენეჯმენტის, ადმინისტრაციისა და სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები. შეხვედრებზე განიხილეს სწავლებასა და კვლევაში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები და შეზღუდვები, ასევე ზღვარი მის პასუხისმგებლობით გამოყენებასა და აკადემიურ თაღლითობას შორის. დისკუსიები მრავალმხრივი და ნაყოფიერი იყო და მონაწილეებს გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.
დისკუსიებში ჩართული იყვნენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის, სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლისა და კოგნიტურ ნეირომეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის სკოლის, ვეტერინარული მედიცინის სკოლის, აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლები.
შეხვედრების შემდეგ მონაწილეები დაესწრნენ Agro Fair 2026-ს, სადაც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა თავიანთი აგროპროექტები წარადგინეს. სტუდენტებმა სტუმრებს გააცნეს სხვადასხვა ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურა, რომლებიც დამოუკიდებლად მოიყვანეს კახა ბენდუქიძის კამპუსის სადემონსტრაციო ნაკვეთში: პომიდორი, კარტოფილი, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა, სიმინდი, ნესვი, საზამთრო და კომბოსტო.
„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ და მას ახორციელებს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.