ყველა ფილოსოფიური სკოლა განსხვავებულ პოზიციას წარმოგვიდგენს ადამიანის სწორ, მორალურად გამართლებულ ქცევასთან და არჩვეანთან დაკავშირებით. ერთ-ერთ მორალურ დილემას, რომლის გადაწყვეტასთან მიმართებითაც ყველა ფილოსოფიურ სკოლას განსხვავებული მიდგომა აქვს, წარმოადგენს ე.წ. „ტრამვაის დილემა“. მარტივად რომ ვთქვათ, დილემა მდგომარეობს შემდეგში, შეიძლება თუ არა ერთი ადამიანის სიცოცხლის გაწირვა მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
საილუსტრაციოდ შეგვიძლია ერთ-ერთი ცნობილი აზროვნების ექსპერიმენტი განვიხილოთ. წარმოვიდგინოთ, რომ ლიანდაგი ორი მიმართულებით იყოფა, ერთ მხარეს დგას ხუთი კაცი - სწორედ ამ მიმართულებით მიდის ტრამვაიც, ხოლო მეორე მხარეს კი ერთი კაცი. ტრამვაის ვერავინ აკონტროლებს და არც ერთმა ადამიანმა ამ ექვსიდან არ იცის, რომ საფრთხის ქვეშ არიან და მათი გაფრთხილებაც შეუძლებელია. ამ სიტუაციას ერთადერთი ადამიანი აკვირდება, რომელიც მარტო დგას ბერკეტთან, რომლის გადაწევითაც შეუძლია მიმართულება შეუცვალოს ტრამვაის. ე.ი. მას შეუძლია ხუთი კაცის ნაცვლად ერთი ადამიანის სიცოცხლე გაწიროს, რომელსაც რეალურად საფრთხე არც ემუქრებოდა თავდაპირველად. სწორედ ამაში მდგომარეობს დილემა, უნდა გადაწიოს თუ არა მან ბერკეტი.
მსგავსი დილემის შემთხვევაში არჩევნის მისაღებად ბუნებითი სამართლის ძირითადი პრინციპი შეგვიძლია გამოვიყენოთ. ქმედება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როდესაც ის არც ერთ ძირითად ღირებულებას პირადპირ არ არღვევს. თომა აკვინელის, ბუნებითი სამართლის ფუძემდებლის თანახმად ერთ-ერთ ძირითად და თანდაყოლილ ღირებულებას ადამიანის სიცოცხლე წარმოადგენს. რადგან „ტრამვაის დილემის“ ერთ-ერთი არჩევანი ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტისკენ არის მიმართული, ერთი შეხედვით, აშკარაა, რომ ის ძირითად ღრებულებას ეწინააღედეგება და შესაბამისად, დაუშვებელია ამ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, აუცილებელია ეს დილემა ორმაგი ეფექტის დოქტრინის გადმოსახედიდანაც განვიხილოთ.
ორმაგი ეფექტის დოქტრინის თანახმად ქმედება, რომელიც ერთ უარყოფით და ერთ დადებით ეფექტს იწვევს მორალურად გამართლებულია, თუ გარკვეული პირობები სრულდება. პირველ რიგში აუცილებელია, რომ ის ქმედება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იყოს მორალურად გამართლებული თუ მის ეფექტებს არ გავითვალისწინებთ. ასევე, ეს ქმედება უნდა იყოს აუცილებელი, ე.ი. შეუძლებელი უნდა იყოს უარყოფითი ეფექტის თავიდან აცილება. გარდა ამისა, უარყოფითი ეფექტი არ უნდა იყოს განზრახვით გამოწვეული და საბოლოოდ, უარყოფითი ეფექტი არ უნდა აჭარბებდეს ქმედებით გამოწვეულ დადებით ეფექტებს.
პირველ კრიტერიუმს თუ განვიხილავთ „ტრამვაის პრობლემასთან“ მიმართებით უნდა განვსაზღვროთ თუ რა კონკრეტულ ქმედებას ახორცილებს ადამიანი. ბერკეტის გადაწევა და ტრამვაის მიმართულების შეცვლა არ წარმოადგენს მორალურად გაუმართლებელ ქმედებას, თუ მისგან გამოწვეულ შედეგებს არ გავითვალისწინებთ. ამ დილემის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ქმედებას არა უშუალოდ სიცოცხლის გაწირვა, არამედ ბერკეტის გადაწევა წარმოადგენს, რაც მორალურად გამართლებულია.
რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას, აშკარაა, რომ ბერკეტის გადაწევის გარეშე შეუძლებელია ხუთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. შესაბამისად ბერკეტის გადაწევა, რაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, ერთადერთი გამოსავალია ხუთი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
განზრახვაზე თუ ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ დროს არჩევნის წინაშე მყოფი ადამიანის განზრახვას წარმოადგენს არა ერთი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, არამედ ტრამვაის მიმართულების შეცვლა, რაც ხუთი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას გამოიწვევს. შესაბამისად, არ გვაქვს სახეზე უარყოფითი შედეგის დადგომის სურვილი, პირიქით ის იაზრებს ქმედების უარყოფით შედეგებს და უბრალოდ ოპტიმალურ არჩევანს აკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე კრიტერიუმიც დაკმაყოფილებულია.
საბოლოოდ, უარყოფითი და დადებითი ეფექტების პროპორციულობას რაც შეეხება, აშკარაა, რომ ხუთი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება უფრო ღირებულია, ვიდრე ერთი ადამიანის. შესაბამისად, რადგან დადებითი ეფექტები აჭარბებს უარყოფითს და რადგან ორმაგი ეფექტის დოქტრინის ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია ბერკეტის გადაწევის შემთხვევაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ბერკეტის გადაწევა მორალურად გამართლებული ქმედებაა. შესაბამისად, მიუხედავად ძირითადი ღრებულების, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისა, ორმაგი ეფექტის დოქტრინა მაინც აძლევს ადამიანს უფლებას ამ კონკრეტული დილემის შემთხვევაში გაწიროს ერთი ადამიანის სიცოცხლე ხუთის გადასარჩენად.
ორმაგი ეფექტის დოქტრინა საპირისპირო შედეგამდე მიგვიყვანს, თუ „ტრამვაის დილემის“ ოდნავ განსხვავბეულ სცენარს განვიხილავთ. წარმოვიდგინოთ, რომ ორი ადამიანი დგას ხიდზე. მათ ქვემოთ ლიანდაგები გადის, რომელზეც ხუთი ადამიანი დგას. ისინი მომავალ ტრამვაის ვერ ამჩნევენ. ერთადერთი გამოსავალი მათ გადასარჩენად არის ის, რომ ხიდზე მდგომმა ადამიანმა მეორე გადააგდოს ხიდიდან, რათა მისმა სხეულმა ტრამვაი შეაჩეროს. ერთი შეხედვით ეს სცენარი დიდად არ განსხვავდება წინა შემთხვევისგან და თითქოს შესაძლებელია ერთი სიცოცხლის გაწირვა ხუთის გადასარჩენად. თუმცა ორმაგი ეფექტის დოქტრინა საპირისპიროზე მეტყველებს.
მეორე სიტუაციის განხილვის დროს ქმედებას არა ბერკეტის გადაწევის მსგავსი, მორალურად გამართლებული გადაწყვეტილება, არამედ უშუალოდ მკვლელობა წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ხუთი კაცის გადარჩენა მოხდება არა ბერკეტის გადაწევის, არამედ უშუალოდ ერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის შეწირვის მეშვეობით, რაც თავისთავად მორალურად გაუმართლებელი ქმედებაა.
რაც შეეხება განზრახვას, ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ ხიდიდან გადავარდნილი ადამიანი მოკვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამვაი ვერ გაჩერდება და ხუთი ადამიანიც ვერ გადარჩება. ამრიგად, გამოდის, რომ ხიდზე მყოფ ადამიანს განზრახული აქვს მეორე კაცის მოკვლა და მისი სიცოცხლის ხელყოფა არ წარმოადგენს უნებლიე, განუზრახველ ქმედებას.
მართალია, პროპორციულობის ტესტს აკმაყოფილებს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ხიდიდან გადაგდებით, თუმცა ბუნებით სამართალი მხოლოდ შედეგის მეტი სარგებლიანობით არ კმაყოფილდება. ამრიგად, რადგან „ტრამვაის დილემის“ პირველი ვერსიისგან განსხვავებით, მეორე შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უფრო მეტი სიცოცხლის გადასარჩენად ვერ აკმაყოფილებს ორმაგი ეფექტის დოქტრინის აუცილებელ კრიტერიუმებს, ის მორალურად გაუმართლებელია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.