ENG GEO

Search form

თავისუფლება, როგორ აბსოლუტური და უკიდეგანო და როგორ ემუქრება მას კანონი

  სულ თავისუფლება, თავისუფლებას რომ გავიძახით, მაინც რა არის ასეთი ეს თავისუფლება? მე მგონია, თავისუფლებას ბედნიერებასთან ვაიგივებთ და ასეცაა, თავისუფლება ბედნირებაა. ჩვენ, სწორედ ეს ბედნიერება გვინდა, როცა ვიბრძვით არ დავკარგოთ დაა შევინარჩუნოთ თავისუფლება. არ არსებობს დედამიწაზე იმაზე აღმატებული გრძნობა, როგორიც ბედნიერებაა, ამიტომაა თავისუფლებაც ის უძვირფასესი ღირებულება, რაც ადამიანს ადამიანად ყოფნის სიამოვნებას აგრძნობინებს: აკეთო ის, რაც გინდა, იყო ისეთი, როგორიც გინდა რომ იყო, განკარგო საკუთარი ცხოვრება ისე, როგორც თავად გსურს.

  დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციაში უმთავრეს ღირებულებად, თითქოსდა, მიჩნეულია თავისუფლება. „ყველა ადამიანს აქვს ბუნებისგან მინიჭებული არჩევანის, გამოხატვისა და რწმენის თავისუფლება“. საერთოდ, რას ნიშნავს ცალკეულად არჩევანის თავისუფლება? გამოხატვის თავისუფლება, ან რწმენის თავისუფლება? თავისუფლების ამ მცირე დოზებს საკენკად გვიყრის ის მმართველობის ფორმა, რომელიც ვითომდა სწორედ თავისუფლების პრინციპებზეა დაფუძნებული, მისი სახელით საუბრობს და მოქმედებს.

  ერთ დღეს, ადამიანებმა, რომლებიც კონკრეტულ ერზე, ან კაცობრიობაზე ზრუნვის დიდი სურვილით აღივსნენ, ლიდერობა დაიკვეხნეს და გადაწყვიტეს, რომ შესწევდათ ძალა სამყარო უკეთესობისკენ შეეცვალათ, ამიტომ- კანონები ჩამოწერეს. გვეუბნებიან, რომ კანონი თავისუფლების შენარჩუნების ყველაზე სწორი და ეფექტური გზაა; გვეუბნებიან, რომ გვაქვს თავისუფლება, მაგრამ მხოლოდ მათი კონსტიტუციის საზღვრებში. ასე დაიგეგმა ჩვენი ცხოვრებაც, კონკრეტულ ნორმებში გაწერილი, ჩვენ კი ამ სამყაროში გვერგო როლი ლატენტური მონებისა. არჩევანის თავისუფლება გვქონია ბუნებით მონიჭებული და გვარწმუნებენ, რომ ეს უფლება ხელშეუხებელი და კანონით დაცულია. და, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, დღეს დემოკრატიულ სახელმწიფოში, შესაძლებელია ადამიანი ბოლომდე თავისუფალი იყოს ნებისმიერი სახის არჩევანში?

  არც ერთი სამართლის თეორია არაფრად აგდებს თავისუფლებას. ერთისთვის, ის მორალი და კანონია ყველაზე უპირატესი, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია მაქსიმალურად სარგებლიანი შედეგის მიღებაზე; მეორესთვის ქმედებები, რომლებიც ოდნავადაც კი დაკავშირებულია სურვილებთან და ვნებებთან ვერ იქნება მორალური, აქაც კანტი კანონისა და წესების უზენაესობას გვახსენებს; მესამისთვის კი, თავისუფლება, რომელიც თავის თავში ნების თავისუფლებას მოიაზრებს ყველანაირი წესრიგის დამრღვევია, რომელიც საყოველთაო სიკეთის არსებობისთვისაა საჭირო. თავისუფლების წართმევა და მისი კანონით დარეგულირებაა ამ თეორიებისთვის ამომავალი წერტილი.

   ჩემთვის, თავისუფლებაზე ალბერტ კამიუზე კარგად ვერავინ ისაუბრა. „უცხოს“ მერსოს მაგალითზე ჩანს, რომ შეიძლება ადამიანს არ შეეძლოს სინანული, სიყვარული, არ ჰქონდეს ღრმა გრძნობები, იყოს ინდეფერენტული, ზედაპირულობით შემოფარგლული და ამის გამო თავს აჭრიდნენ. კანონი, წესი და მორალი იმდენად უპირატესი იყოს, რომ მისი ზეგავლენა ადამიანებსაც არ აძლევდეს საშუალებას მიიღონ ერთმანეთი თავისუფლების აბსოლუტური გამოხატულებით. ჩვენი მთავარი პროტაგონსტიც, ქრისტეს მსგავსად, იმიტომ დასაჯეს, რომ არ იყო ისეთი, როგორიც ხალხს მოსწონს. ეს მარტივი ჩვენებაა იმისა, თუ როგორ უარყოფითად მოქმედებს კანონი და წესები თავისუფლებაზე. თავად საზოგადოებაც ისეა შეპყრობილია დადგენილი მორალური დოგმებით, ისე ცხოვრობს სხვის მიერ მოწყობილი წესრიგით, რომ თავადვე ამბობს უარს თავისუფლებაზე და მარწუხებში აქცევს მას. წიგნი უმღერის თავისუფლებას, როგორც უკიდეგანოსა და აბსოლიტურს, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე შეინარჩუნა მთავარმა გმირმა.

  არა, არ ვარ ზოგადად კანონის წინააღმდეგი. კანონი მხოლოდ ერთ რამეს უნდა უზრუნველყოფდეს, ადამიანთა უსაფრთხოებას, რომელიც სხვა ადამიანის მიერ ექცევა საფრთხის ქვეშ. არასწორია, რომელიმე კანონი მე საკუთარი თავისგან მიცავდეს. ყველა ადამიანს აქვს ბუნებითი უფლება საკუთარ თავს დამართოს ის, რაც უნდა, რომ დამართოს, მთავარია განაგებდე  შენს თავს, როგორც საკუთრებას. თავისუფლებაა ერთგვარად ფლობდე და შეიცნობდე საკუთარ თავს. რომ დავთმო თავისუფლება, გამოდის, რომ უნდა დავთმო ჩემი თავი, მისი შეცნობის პროცესი, ანუ ვერ განვახორციელებ ვერც სიყვარულს, ვერც სინანულს, ვერც რწმენას, ვერცერთ ამგვარს ვერ განვახორციელებ თუ არ ვარ ჩემი თავი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თავისუფლება ინდივიდუალურია ყოველი ინდივიდისთვის, მაგრამ ის ყველა შემთხვევაში სულის  მდგომარეობაა, რომლის დათრგუნვაც შეუძლებელია.

  მართალია, კანონი, ცალსახად, გვართმევს თავისუფლებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამისთვის მართლაც ვიღებთ სიკეთეს, რომელშიც მოიაზრება უმნიშვნელოვანესი ღირებულებები, მათგან უმთავრესი კი საყოველთაო კეთილდღეობაა. ჯონ ლოკი ამბობს, რომ კანონი არსებობს არა თავისუფლების შესაზღუდად და მოსასპობად, არამედ მის დასაცავად და შესანარჩუნებლად. ვერანაირი კანონი ბოლომდე ვერ მოამწყვდეს და ჩაახშობს თავისუფლებას. თავისუფლება და კანონი ვერც შექმნის ვერასდროს იდეალურ კომბინაციას, თითქოს ეს ორი ურთიერთსაპირისპირო მცნებაა. ვერ მოვნათლავთ კანონს ადამიანის თავისუფლების გარანტიად, როცა ეს ასე არ არის. ერთადერთი კანონის ლეგიტიმურობას ვაღიარებ, ადამიანის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას, თუ კი მას სხვა ადამიანი აყენებს საფრთხის ქვეშ.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.