ENG GEO

Search form

საზოგადოებრივი კეთილდღეობა პიროვნული თავისუფლების პირისპირ

თითოეულ ადამიანს ბუნებრივად გააჩნია თავისუფლება, თვისებრივი და თავისთავადი განსხვავება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას შორის არ არის, თითოეული მათგანი გვანიჭებს გარკვეულ შესაძლებლობას, განვახორციელოთ რაიმე ქმედება, ან გვიცავს გარე უარყოფითი ზემოქმედებისგან. ადამიანის ძირითად უფლებებს საფუძვლად უდევს ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის ცნებები, რადგან უფლებები განაპირობებს თითოეული ადამიანის ღირსეულ არსებობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის უფლებები ზნეობრივი ნორმები არ არის, რომლებიც მხოლოდ პიროვნებათშორის ურთიერთობებს შეეხება, არამედ ისინი პოლიტიკური ნორმებია, რომლებიც განსაზღვრავს თუ როგორ უნდა ეპყრობოდეს ხელისუფლებები და ინსტიტუტები ადამიანებს. Ამასთან, თითოეულ ინდივიდს გააჩნია გარკვეული ტიპის მოთხოვნილებები, რომელთა დასაკმაყოფილებლადაც იღწვის, საზოგადოებრივი პრობლემაც სწორედ აქ წარმოიშვება, რა ხდება მაშინ, თუ ინდივიდთა პირადი ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება?

აქ საჭიროა განიმარტოს საერთო კეთილდღეობის ცნება, რომელიც მოიცავს ისეთ ზოგად პრინციპებს, რომელიც მისაღებია და თანაბრად სასარგებლოა საზოგადოებაში არსებული ყველა წევრისთვის, შესაბამისად, მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ საზოგადოებრივ კეთილდღეობას, როგორ შეიძლება დავარეგულიროთ და ერთგვარ ჩარჩოში მოვაქციოთ ადამიანთა ეგოისტური მისწრაფებები ისე, რომ შევინარჩუნოთ საერთო კეთილდღეობა?

უპირველესი პრობლემა, რომელიც ამ საკითხის გადაჭრისას წარმოიქმნება არის საყოველთაო სიკეთის ცნების აბსტრაქტულობა, რადგანაც შეუძლებელია განისაზღვროს რას მოიცავს საერთო სიკეთე თავის თავში, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, და თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი ხედვა და წარმოდგენა საზოგადოებრივ კეთილდღეობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანი სხვაგვარად აღიქვამს იმას, თუ რა არის მისთვის სასარგებლო და რა - არა. შესაბამისად, რთულია ყველასათვის მისაღები სამართლებრივი სისტემის შემოღება, რომელიც არ შეზღუდავს პიროვნების თავისუფლებას და მორგებული იქნება ყველა ინდივიდის პირად სურვილებზე. დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს დააფიქსიროს საკუთარი შეხედულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ და ხელს უწყობს კრიტიკული განსჯის განვითარებას. მიუხედავად ამისა, ხშირად აქაც პიროვნების გამოხატვის თავისუფლება მეორე საფეხურზე გადადის, როცა ის საზოგადოების მორალს ეჯახება. მაგალითად, როცა საქმე ეხება რელიგიური გრძნობების შეუარცხყოფას ან სხვისი ღირსების შელახვას.  როგორ უნდა განვსაზღვროთ, რომელი ღირებულებაა უპირატესი? რამდენად შევძლებთ გვერდი ავუაროთ ბუნებით მდგომარეობას საკანონმდებლო სისტემის შემოღების გარეშე?

ამ კომპლექსურ საკითხს ეგზისტენციალურ ჭრილში განიხილავს ჟან-პოლ სარტრი. ეგზისტენციალიზმს სურს აჩვენოს კავშირი თავისუფალი მოქმედების აბსოლუტურ ხასიათს შორის, რომლის საშუალებითაც ყოველი ადამიანი ახდენს რა საკუთარი თავის რეალიზაციას, ახდენს ამავე დროს კაცობრიობის გარკვეული ტიპის რეალიზაციას. ავირჩიოთ საკუთარი თავი ასე თუ სხვაგვარად, ნიშნავს ერთდროულად ვამტკიცოთ იმის ღირებულება, რასაც ჩვენ ვირჩევთ - ჩვენ კი არც ერთ შემთხვევაში არ ვირჩევთ ბოროტებას, სიკეთე ჩვენთვის არ შეიძლება იყოს ის, რაც არ არის სიკეთე სხვებისთვისაც, შესაბამისად ვირჩევ რა საკუთარ თავს, მე ვირჩევ ადამიანს საერთოდ. სარტრის და ზოგადად ეგზისტენციალიზმის ეს შეხედულება ადამიანს აკისრებს მთელ პასუხისმგებლობას და როლს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაში, კანონისა და შუამავალი პირების როლი უკანა საფეხურზეა გადაწეული. ადამიანებს საკუთარი თავის არჩევით წვლილი შეაქვთ კაცობრიობის კეთილდღეობის განვითარებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, სარტრის ამ მოძღვრებასაც აქვს ხარვეზები, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი წარმოგვიდგება, როგორც სრულყოფილი არსება, რომელსაც შეუძლია ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება და რომელიც არასდროს არ ცდება, მას უნდა შეეძლოს საკუთარი ინტერესების სწორედ გააზრება, არა ცალკეულად და განყენებულად, არამედ საზოგადოების ინტერესებთან თანხვედრაში. შესაბამისად, აქაც იმ ჩიხში შევდივართ, რაც დასაწყისშიც განვიხილე. ადამიანმა შესაძლოა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რამდენად აიღებს პასუხისმგებლობას მთელ კაცობრიობაზე, რადგანაც არ არსებობს ჭეშმარიტება და ერთიანი პრინციპი ადამიანის საზოგადოებაში თანაარსებობისა, ჩვენ ვთანხმდებით წავიდეთ გარკვეულ კომპრომისზე, რადგან ზემოთ განხილული ალტერნატივები არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის საუკეთესო ხერხს. 

სწორედ საკითხის ეს სირთულე გვანახებს კანონის არსებობის მნიშვნელობას. არ უნდა ვიფიქროთ, რომ საზოგადოებრივი სიკეთის მისაღწევად ჩვენი თავისუფლების გარკვეული ნაწილის დათმობა ანადგურებს ინდივიდუალურ თავისუფლებას. ამასთანავე, საერთო კეთილდღეობის იდეის მისაღწევადაც არ უნდა შევწიროთ თითოეული ინდივიდის თავისუფლება. არამედ ჩვენი ინდივიდუალური თავისუფლების ნაწილის დათმობა უნდა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი მსხვერპლი, რომელიც აუცილებელია საკუთარი თავის საზოგადოებაში რეალიზაციისთვის. ამ მიზნის მატარებელია სამართლებრივი სისტემის ფორმირებაც. ჩვენ გვჭირდება კანონები, რომ გავაძლიეროთ თითოეული ადამიანი, შევქმნათ პირობები ადამიანთა უკეთ თანაარსებობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან და საკანონმდებლო ორგანოებისგან არსებობს კანონების შექმნისა და აღსრულების უფლების ნეგატიურად გამოყენების საფრთხე, მისგან მიღებული სარგებელი, ანუ განვითარებული და უსაფრთხო სოციუმი, არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ უარი ვთქვათ კონსტიტუციაზე და საკანონმდებლო სისტემაზე. 

მაშასადამე, რადგანაც თავისუფლებას თითოეული ინდივიდი სუბიექტურად აღიქვამს, კანონმა უნდა უზრუნველყოს მისი უნივერსალური გაგება. ცხადია, რომ ყველა კანონი ვერ იქნება ყველა ადამიანისთვის თანაბრად მისაღები, მაგრამ ის საჭიროა, რათა განვავითაროთ საკუთარი პიროვნება, შევძლოთ საკუთარი თავის რეალიზაცია და ჩამოვაყალიბოთ ისეთი საზოგადოება, რომელშიც თანაარსებობა იქნება უსაფრთხო თითოეული ინდივიდისთვის. 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.