ENG GEO

Search form

“კანონი რომ კანონობდეს”

 

 

ადამიანები, გაჩენისთანავე გარკვეული უფლებებით და მოვალეობებით ვიბადებით. ჩვენ გაგვაჩნია საკუთრების, სიცოცხლის და თავისუფლების უფლებები. სახელმწიფოს ჩამოყალიბებაც სწორედ ამ უფლებების გააზრებიდან იწყება. საზოგადოება ქმნის კანონის მექანიზმს, რომელიც მათ მაგივრად უზრუნველყოფს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. საკითხავია რატომ გახდა საჭირო კანონის ჩამოყალიბება, რა წინაპირობები უძღოდა მას წინ.

პიროვნება იმიტომ კიარაა  სამართლიანი, რომ ნამდვილად ასეთია, არამედ იმიტომ რომ უსამართლოდ ყოფნა არ შეუძლია. მისთვის უსამართლობა ცუდია, მხოლოდ იმიტომ რომ მისი ეშინია. მას არ შეუძლია იგივე გააკეთოს რასაც უსამართლო ადამიანი აკეთებს. თუკი ჩემთან მოვიდა მეზობელი და გაქურდა ჩემი მთლიანი სახლი, მე საპასუხოდ ვერაფერს ვიზამ. სამართლიან კაცს არ შეულძია უსამართლობის ჩადენა, რადგან ამით იგი უარესი ხდება, შესაბამიად სამართლიანიც ვერ იქნებოდა. ამ მდგომარეობის ერთადერთ ბერკეტად კანონი გვევლინება. იგი ჩვენს მაგივრად აგებინებს პასუხს ქურდს.

განვიხილოთ მეორე ვარიანტიც. იმავე სიტუაციაში გამქურდეს, თუმცა ამჯერად მე მაქვს იმის უნარი, რომ ქურდი შევიბყრო და მოვკლა. გავითვალისწინოთ, რომ ამ დროს ჯერ არ არსებობს კანონი, რომელიც მე დამსჯის ამ ქმედებისთვის. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ნებისმიერ პიროვნებას, ისევე როგორც მე, შეუძლია თავად დაადგინოს სასჯელის ფორმა და თავადვე აგებინოს პასუხი ობიექტს. ეს ყველაფერი ქმნის ქაოსს, ანომიას. არცერთი მოქალაქე არაა დაცული იმისგან, რომ მას შეეზღუდოს საკუთრება, სიცოცხლე ან თავისუფლება.

ერთი მხრივ, კანონის აღსრულების და წესრიგის დაცვის ვალდებულების სხვისთვის გადაცემით, ჩვენ ვთმობთ საკუთარი თავისუფლების ნაწილს, იმ მიზნით რომ მივაღწიოთ გარანტირებულ თავისუფლებას. მეორე მხრივ ჩნდება კითხვა: მიიღწევა თუარა თავისუფლება კანონის მეშვეობით? კანონში ჩაწერილი სიტყვები, რომ არ შეიძლება ადამიანის მოკვლა ან ქურდობა და იგი ისჯება, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი არ ხდება. თუკი მე, პიროვნებამ დავთმე ჩემი თავისუფლების ნაწილი, იმის გამო რომ მთელი ცხოვრება უშფოთველად მეცხოვრა და შემდეგ მომკლეს, ეს ვერ ანაზღაურებს ჩემს მიერ დათმობილ უფლებებს. კანონი გვევლინება უკვე ჩადენილი ქმედების დამსჯელობით ეფექტად, ხოლო შედეგი შეიძლება არც შეიცვალოს. შეიძლება ჩემი მკვლელი ქვეყნიდან გაიქცეს და იგი სასამართლო ორგანოებმა ვერასდროს დაიჭირონ. ასევე შესაძლებელია დაიჭირონ და დასაჯონ პატიმრობით, თუმცა ეს ყველაფერი ჩემს დაკარგულ სიცოცხლეს არ ანაზღაურებს.

უტილიტარიზმისთვის ნებისმიერი საშუალება გამართლებულია, თუკი საბოლოოდ კარგ მიზანს მივაღწევთ, თუკი დაცული იქნება საერთო კეთილდღეობა. ამ მხრივ მათთვის შეიძლება გამართლებული იყოს გარკვეული კანონების დარღვევა „მათი აზრით სასიკეთო“ მომავალი ქმედებებისთვის. თუკი კანონის მოვალეობაა, რომ ერთი ადამიანი დაიცვას მეორე მიერ მიყენებბული ზიანისგან, რა ხდება მაშინ, როდესაც მეორე ადამიანი კანონს არ აღიარებს? და რა ხდება მაშინ, თუკი უტილიტარისტი მართალია კანონის გვერდის ავლით ქმედებაში? მაშინ ვისთვის არსებობს ეს კანონი თუკი უფრო მეტ საერთო სიკეთეს მისი არქონა იწვევს?

ეს ყველაფერი ნათელს ხდის, რომ კანონის სრული და ჩამოყალიბებული სახე ჯერ არ არსებობს. ვფიქრობ შეუძლებელიც კია, რომ კანონმა სრულიად დაარეგულიროს ყველა ადამიანის ქმედება, მაგრამ ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ის შემთხვევები რაც ზემოთ აღვწერე იშვიათი ქმედებებია. საერთო ჯამში კანონი გვანიჭებს თავისუფლებას, იცავს ჩვენს საკუთრებას და სიცოცხლეს.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.