ჯონ ლენონი სიმღერაში ,,imagine” საუბრობს სამყაროზე საზღვრების, რელიგიის, ომის გარეშე. სახელმწიფოთა არარსებობა, ნაციონალიზმის მოშლა ხშირად დანახულია მშვიდობის მიღწევის გზად. მსოფლიო იმპერიები ეცადნენ ამგვარი სამყარს შექმნას, თუმცა ყველა მცდელობა კრახით დასრულდა, ამის მიზეზი კი გარკვეულწილად იყო პატრიოტიზმისა და ნაციონალიზმის არსებობა. კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ხშირად საპირისპირო ცნებებად მოიაზრებიან. პირველი გვეუბნება, რომ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა საკაცობრიო დგას, ხოლო მეორე კონკრეტული სახელმწიფოს, ერის მიმართ სიყვარულსა და ერთგულებას ქადაგებს. საინტერესოა, რომ სინამდვილეში ამ ორი ცნების გაერთიანებაა შესაძლებელი. მეტიც, მგონია,რომ დაპირისპირების ნაცვლად კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ერთმანეთით არსებობენ.
კოსმოპოლიტიზმის საწყისები სტოიკოსებთან შეგვიძლია ვეძებოთ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ადამიანი, პირველ რიგში, სხვა ადამიანებთან მცხოვრები არსებაა, რომელიც მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით მიეკუთვნება რომელიმე სახელმწიფოს. არისტოტელე კი მიიჩნევდა, რომ მოქალაქის ერთგულება მიმართული უნდა იყოს სახელმწიფოსადმი, იმისთვის, რომ სანაცვლოდ ადამიანმა განახორციელოს პირადი ინტერესები და სურვილები. ციცერონი კი სათნოებას განმარტავდა,როგორც ჩვენი ვალდებულებების აღსრულებას სახელმწიფოს მიმართ და ერთგულების, თავდადების გამოჩენას. ყოველი მოაზროვნე კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტიზმზე საუბრისას პრობლემას ამგვარად აყენებდა: რომელი იდეოლოგია გახდიდა ადამიანთა ცხოვრებას უკეთესს, საბოლოოდ დაასრულებდა ომს და შეძლებდა მშვიდობის მოტანას.
უტილიტარისტული თეორიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მილი, ,,კოსმოპოლიტური პატრიოტიზმის“ მხარდამჭერი იყო. უტილიტარისტული თეორიიდან გამომდინარე, ის ფიქრობდა, რომ შედეგი მაქსიმალურად კარგი უნდა ყოფილიყო ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტისას. სახელმწიფოთა დაპირისპირება არ იარსებებს, თუ არ იქნება საზღვრები, თუმცა, მილი აცნობიერებდა, რომ ამგვარი ფორმულირება არასწორი და ,მეტიც, შეუძლებელი იყო. ადამიანი დამოკიდებულია იმ ჯგუფზე, რომელშიც აღიზარდა, მასთან ახდენს იდენტიფიკაციას. ჩემი აზრით, ბუნებრივია, რომ პირობითად, შავკანიანისთვის მისი მსგავსი იყოს უფრო ახლობელი, ვიდრე თეთრკანიანი. არა მარტო ვიზუალის, არამედ კულტურული სხვაობის გამოც. ამასთან, მილი ნაციონალიზმის ,,დამახინჯებულ“ ვერსიასაც არ უჭერდა მხარს. მისი აზრით, უაზრო, ირაციონალური სიძულვილი ,,უცხოელის“ მიმართ, სამყაროს მუდმივი დაპირისპირებისკენ წაიყვანდა. სანაცვლოდ, მილი განიხილავდა ,,ჯანსაღ“ პატრიოტიზმს და მას აკავშირებდა კოსმოპოლიტიზმთან. ის ფიქრობდა, რომ პატრიოტიზმი უნდა ამოძრავებდეს ადამიანს იმ მხრივ, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯი სასიკეთო შედეგის მომტანი იყოს სამყაროსთვის. თუ კონკრეტული სახელმწიფო მოიქცევა არასწორად, ან მსოფლიოს ინტერესებს დააზარალებს, მაშინ ადამიანმა არა უნდა გაამართლოს ერი პატრიოტული მოტივებით, არამედ აღიაროს შეცდომა როგორც კოსმოპოლიტიზმიდან, ასევე პატრიოტიზმიდან გამომდინარე. ანუ, ეს უკანასკნელი მილისათვის არ გულისხმობს უპირობო მხარდაჭერას ყველაფრისა ,რასაც კონკრეტული სახელმწიფო ჩაიდენს. კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის შეზავებით, შეიძლება იმგვარი შედეგების მიღება, რომლებიც დადებითი იქნება არა კონკრეტული სახელმწიფოებისთვის, არამედ მსოფლიოსთვის.
კანტისთვისაც მშვიდობისა და ჰარმონიის მიღწევის გზა კოსმოპოლიტიზმია, თუმცა დეონტოლოგიის ეთიკური თეორიის ფუძემდებელიც ვერ უარყოფს პატრიოტიზმის როლსა და მნიშვნელობას. მისთვის არარეალურია ის, რომ ადამიანებმა უნდა უარყონ ნაციონალიზმი და მიკუთვნებულობა რომელიმე ერის მიმართ. ამასთან, ის საერთო, ერთიან მსოფლიოზე საუბრობს არა იმდენად პოლიტიკურ, რამდენადაც მორალურ კონტექსტში. დეონტოლოგიისთვის სწორი არის ქმედება, რომელსაც საყოველთაოს გახდიდი, არ უნდა მოექცე სხვას ისე, რგორც არ გინდა ,რომ თავად მოგექცნენ. კანტი საუბრობდა ,,ერთა ლიგის ჩამოყალიბებაზე“, რომელსაც ,,კოსმოპოლიტური კანონები“ ექნებოდა. ამასთან, ლიგაში შემავალი სახლემწიფოები არ კარგავდნენ საზღვრებს, სუვერენობას ან საკუთარ ,ადგილობრივ კანონებს. კანტის ,,ერთა ლიგის“ განხორციელების მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ გაეროს ან ევროკავშირის არსებობა.
თომა აქვინელისთვის ბუნებითი სამართალი იყო უზენაესი. არსებობს გარკვეული კანონები ადამიანთა დამოუკიდებლად, მაგალითისთვის, ის, რომ კაცთა მოკვლა ,,ცუდია“, ჭეშმარიტებაა ყველასთვის. საინტერესოა, რომ აქვინელიც ცდილობდა პატრიოტიზმისა და კოსმოპოლიტიზმის შერწყმას. მისი იდეოლოგია ეყრდნობოდა არისტოტელეს მოსაზრებებს, როცა საუბრობდა განსხვავებულ რეჟიმებზე და იმაზე, რომ კარგ მოქალაქეს შეუძლია კარგი ადამიანი იყოს. აქვინელის აზრით, ადამიანს უნდა ემოქმედა ,,ლოკალურად“, ხოლო ეფიქრა ,,გლობალურად“ (think global, act local). ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფდა იმგვარი შეცდომების აცილებას, როგორიცაა ,პირობითად ტოტალიტარული რეჟიმების არსებობა. მაგალითად, გერმანელი მოქალაქეები ხმას არ მისცემდნენ არჩევნებში ჰიტლერის პარტიას რომ დაენახათ წინააღმდეგობა აქვინელისეულ ბუნებით კანონებსა და ნაცისტთა დაპირებებს შორის. ამგვარად, გერმანელთა ,,ლოკალური კეთილდღეობისთვის“ გადადგმული ნაბიჯი აარიდებდა მსოფლიოს კიდევ ერთი ომისგან. გერმანელი იმოქმედებდა სახელმწიფოთვის და იფიქრებდა მსოფლიოსთვის. ამგვარი ,,მოდელის“ მორგება შეიძლება უტილიტარული თეორიისთვისაც და კანტის მოსაზრებებისთვისაც. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, სამივე ეთიკური თეორია მიდის იქამდე, რომ კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი განუყოფელია. ორივე თანაბარი სიმძლავრით უნდა აისახებოდეს სახელმწიფოთა პოლიტიკაში. მხოლოდ კოსმოპოლიტიზმის პრიზმიდან მსჯელობა და მოქმედება, ისტორიამ გვაჩვენა, რომ უსარგებლოა. ,,ოქროს ხანის“ გადავლის შემდეგ, განსხვავებულ ერებსა და სახელმწიფოებს სურთ ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად არსებობა. გაეროს, ევროკავშირის და მსგავსი ორგანიზაციების არსებობა ,ვფიქრობ, კარგი განხორციელებაა მილის, კანტისა და აქვინელის იდეებისა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.