საკუთარი ქვეყნის, მიწა-წყლის ერთგულება ის ღირსებაა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა საზოგადოებაში აღიარებენ და ხშირად მოითხოვენ კიდეც. ერთია სიყვარული, ერთგულება, მაგრამ სულ სხვაა საერთო ისტორიის, მეხსიერებისა თუ კულტურის მქონე ხალხისთვის თავგანწირვა, საკუთარ სიცოცხლეზე უარის თქმა. მე პირადად აღმაფრთოვანებს ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ არსებობის დიად ჩვეულებაზე უარის თქმა კონკრეტული იდეის გამო, მაგრამ ჩვენი ბლოგისთვის მნიშვნელოვანია პირადი შეხედულებებისა და მიმართებებისგან სრულიად ნეიტრალურებმა განვიხილოთ პატრიოტული თავგანწირვა კონსეკვენციალიზმის, დეონტოლოგიისა და ბუნებრივი სამართლის ჭრილში.
აღნიშნული მიზნისთვის განვიხილოთ ჰიპოთეტური სიტუაცია, რომელშიც მოვლენები შემდეგი ფორმით ვითარდება: საომარი სიტუაციის დროს გამოუცდელი ახალგაზრდა საკუთარი სურვილით მიდის საბრძოლველად, რათა დაიცვას თავისი ქვეყანა. გამოუცდელობის თუ სხვა რამ მიზეზთა გამო იგი ომში იღუპება. თუ ყოველგვარი აღტკინების გარეშე განვიხილავთ აღნიშნულ მოვლენას, დავინახავთ ცალსახა შედეგს, რომ პატრიოტული სულისკვეთებით ნაკარნახევ მოვლენას (ომში წასვლას) შეეწირა ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ უნდა განვიხილოთ რამდენად მართებული და ღირებულია მსგავსი ქმედება.
კონსეკვენციალიზმი ის ეთიკური თეორიაა, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია არა მოტივი, მიზეზი, არამედ შედეგი. როდესაც მოქმედების მართებულობას განვიხილავთ, ამ თეორიის მიხედვით აზრს კარგავს ყოველგვარი შინაგანი მიმართება, ემოცია, აღმატებული იდეა, რომელიც ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს. ერთადერთი რაც აღნიშვნას იმსახურებს არის შედეგი. ჩვენ მიერ ნახსენები ჯარისკაცი, სრულიად გამოუცდელი, ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც ომში წოდებიდან, მოვალეობიდან გამომდინარე კი არ მიდის, არამედ თავისი ნებით და სურვილით. ასეთ შემთხვევაში ორმაგად იზრდება ფატალური შემთხვევის, ომში დაღუპვის რისკი. ჩნდება კითხვა, რამდენად მართებულია საკუთარი ქვეყნის დაცვით, პატრიოტული სულისკვეთებით აღტკნილებული ადამიანის მოქმედება? როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონსეკვენციალიზმის მიხედვით, ის ფაქტი რომ ადამიანი ქვეყნის სიყვარულით, მისი დაცვის იდეით მოქმედებს მნიშვნელობას მოკლებულია, ჩვენ უნდა განვიხილოთ შედეგი. შედეგი კი ამ სიტუაციაში ორგვარია, ერთი მხრივ იგი მიემართება უშუალოდ ამ ადამიანს, ხოლო მეორე მხრივ საომარ მდგომარეობას. ზოგადად, ერთი ადამიანი იშვიათად ცვლის ომის მიმართულებას, გამოუცდელ ჯარისკაცს კი ეს არ შეუძლია. შესაბამისად, მისი ომში ჩართვა არაფრის მომცემია და საუკეთესო შემთხვევაში მივყავართ ნულოვან შედეგთან. თუ ინდივიდუალურ შედეგსაც განვიხილავთ, დავინახავთ რომ საქმე გვაქვს სიცოცხლის მოსპობასთან, რაც თავისთავად არ არის კარგი, შესაბამისად, კონსეკვენციალიზმის თეორიიდან გამომდინარე შეუძლებელია აღნიშნულ ქმედებას მართებული ეწოდოს. პატრიოტული სულისკვეთებით გამოწვეულ თავგანწირვას კონსეკვენციალიზმის მიხედვით აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება თუ მას რაიმე ღირებული, მასშტაბური შედეგი მოჰყვება, მაგრამ ცალკეული ადამიანის შემთხვევაში ეს ფაქტობრივად შეუძლებელია.
კონსეკვენციალიზმისგან განსხვავაბული ხედვა აქვს დეონტოლოგიას. კანტის მიხედვით, შედეგზე მეტად გაცილებით მნიშვნელოვანია ის თუ რამ გამოიწვია მოქმედება, იყო თუ არა მისი მიზეზი ვალდებულება, პასუხისმგებლობის გრძნობა. პატრიოტიზმი ის ფენომენია, რომლის დროსაც ადამიანი ზუსტად რომ პასუხისმგებლობას გრძნობს სამშობლოს, გარემოცვის, მიწა-წყლის მიმართ და სწორედ ამ სიყვარულთან თანაზიარი პასუხისმგებლობით მოქმედებს. ჩვენი ჯარისკაცის უკიდურესად კონკრეტულ შემთხვევაში, დეონტოლოგიური ხედვით, მნიშვნელობა არ აქვს შედეგს, თუნდაც ის სიკვდილს გულისხმობდეს, მთავარი მოტივი და ის ვალდებულების გრძნობაა, რომელიც უნივერსალურად ახასიათებს ადამიანს საკუთარი სამშობლოს წინაშე. ამ შემთხვევაში, დეონტოლოგიური მოძღვრების გათვალისწინებით, პატრიოტიზმით გამოწვეულ თავგანწირვას, რამდენად ირაციონალურიც არ უნდა იყოს ის, ყოველთვის აქვს აზრი, რადგან ამ დროს სრულდება მოქალაქის, ადამიანის ვალდებულება ქვეყნის წინაშე.
განსახილველი დაგვრჩა ბუნებითი სამართალი, რომელიც მოქმედების მართებულობის განსაზღვრისთვის შედარებით კომპლექსურ სქემას გვთავაზობს. აუცილებელია დაცული იყოს ოთხი პირობა:
1. ქმედება უნდა იყოს მორალურად სწორი
2. ცუდი ეფექტი არ უნდა იყოს საშუალება, რომლითაც კარგი ეფექტი მიიღწევა
3. მიზანი უნდა იყოს კარგი ეფექტის მიღწევა, ცუდი ეფექტი კი შესაძლო თანმხლები მოვლენა
4. კარგი ეფექტი უნდა იყოს მინიმუმ ექვივალენტი ცუდი ეფექტისა
ნებისმიერი ადამიანის მიერ სამშობლოს დაცვაში მონაწილეობა მორალურად მართებულია, ამ ორ ცნებას შორის არაა პირდაპირპროპორციული კავშირი შესაბამისად, შესაძლო სიკვდილი არაა ის საშუალება, რომლითაც რელურად იცავენ სახელმწიფოს. თავგანწირვა არის არა მთავარი მიზანი, არამედ შესაძლო თანმხლები მოვლენა რეალური მიზნის მიღწევის, სამშობლოს დაცვის პროცესში. რაც შეეხება ბოლო კრიტერიუმს, აქ რთულია მათემატიკური სიზუსტით გამოვთვალოთ როგორ უტოლდება ან აჭარბებს ერთი ქმედება მეორეს, მაგრამ უნდა დავუშვათ, რომ ადამიანის მიერ სამშობლოს დაცვის ეფექტი აღემატება სიკვდილის ეფექტს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, შეგვიძლია ვთქვათ რომ ჯარისკაცის მოქმედება ბუნებითი სამართლის მიხედვით მორალურად გამართლებულია.
განხილულიდან გამომდინარე, დავინახეთ რომ საზოგადოების მიერ ჩვეულებრივ აღიარებული ქმედება, თუნდაც პატრიოტული თავგანწირვა, სხვადასხვა ფილოსოფიური ხედვით განსხვავებულად შეიძლება შეფასდეს. ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება შედეგის გამო დაიწუნოს, ზოგიერთი ცალსახად გაამართლებს, რაღაც ნაწილი კი მსჯელობისას უფრო კომპლექსურად შეხედავს საკითხს. შესაბამისად, როდესაც რაღაც მოვლენის მართებულობაზე ვმსჯელობთ, უმჯობესი იქნება დავაზუსტოთ რის მიხედვით და რის საფუძველზე გამოგვაქვს გარკვეული დასკვნები.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.