GE

ბიზნეს-ეკონომიკური ფორუმი კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით

02 დეკემბერი 2015

29 ნოემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა ბიზნეს-ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სააქციო საზოგადოება "საპარტნიორო ფონდი"-ს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს სოფლის მეურნეობის, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო პალატის მრჩეველმა, საქართველოში მოღვაწე ჩინური კორპორაციების ხელმძღვანელებმა, თავისუფალი უნივერსიტეტის ექსპერტებმა ბიზნესისა და ეკონომიკის დარგში, მათ შორის თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა, ბატონმა ვახტანგ ლეჟავამ.

ფორუმის მიზანი იყო: საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მხარდაჭერა და გაღრმავება. მონაწილეებმა დისკუსიის დროს განიხილეს შემდეგი საკითხები: ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ტენდენცია, გამოცდილების გაცვლა; ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გეგმა; "ერთი სარტყელი - ერთი გზაა" ახალი სტრატეგიული პროექტის ფონზე ჩინეთ-საქართველოს ურთოერთობების განვითარების პერსპექტივები. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, მოლოდინები და რეკომენდაციები.

დისკუსიების შედეგები გააცნეს დამსწრე აუდიტორიას, ხოლო მოგვიანებით შედეგების შეჯამება გადაიგზავნება ჩინეთის საელჩოში საქართველოში და საქართველოს საელჩოში ჩინეთში, ასევე ყველა მონაწილე და სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო და კერძო უწყებაში. ფორუმს ესწრებოდა სიამენის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი, ბატონი ლიაო შაოლიაენი. ფორუმის ბოლოს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტმა სტუმრებთან ერთად საზეიმოდ აღნიშნა დაარსების 5 წლისთავი.