GE

"ჩინური ენის პრაქტიკული კურსის" პრეზენტაცია თავისუფალ უნივერსიტეტში და ქართველი ახალგაზრდები ჩინეთში

22 მაისი 2015

22 მაისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩინური ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. „ჩინური ენის პრაქტიკული კურსი“ თავისუფალი უნივერსიტეტისა და „კონფუცის ინსტიტუტის" მიერ მომზადდა. სახელმძღვანელო საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ხელშეწყობით, თავისუფალი უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა.

„ჩინური ენის პრაქტიკული კურსი“ არის საბაზო სახელმძღვანელო დამწყებთათვის ქართულ ენაზე. წიგნის საშუალებით ჩინური ენის შემსწავლელები მიიღებენ საფუძვლიან ცოდნას და მოკლე დროში შეძლებენ კომუნიკაციას ჩინურ ენაზე.

პრეზენტაციას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი იუე ბინიც ესწრებოდა. მან მადლობა გადაუხადა თავისუფალი უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის პროფესორებს სახელმძღვანელოს მომზადებისთვის და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. ელჩის თქმით ეს წიგნი ხელს შეუწყობს ქართველ სტუდენტებს არა მხოლოდ ჩინური ენის, არამედ ჩინეთის ისტორიისა და მისი კულტურის გაცნობაში.

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორისა და კონფუცის ინსტიტუტის დირექტორის მარინა ჯიბლაძის განცხადებით „ჩინური ენის პრაქტიკული კურსი“ ძალიან კარგი საფუძველია მათთვის, ვისაც ჩინური ენის შესწავლა აქვს გადაწყვეტილი.

სახელმძღვანელოში ჩვენ შევიტანეთ თანამედროვე ლექსიკა, რათა ამ წიგნის შესწავლის შემდეგ სტუდენტს არ გაუჭირდეს ჩინური ენის დონის განმსაზღვრელი გამოცდის ჩაბარება“ - აღნიშნა მარინა ჯიბლაძე.

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის, დავით პაპაშვილის თქმით, უცხო ენის პროფესიონალურ დონეზე შესწავლის მსურველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლიურ ენაზე დაწერილი ისეთი სახელმძღვანელოს არსებობა, როგორიც „ჩინური ენის პრაქტიკული კურსია“.

ლექსიკურ ნაწილში შესულია როგორც HSK1 და HSK2 (საერთაშორისო სტანდარტით A1 და A2)-ს ყველა სიტყვა, ასევე HSK3 (B1)-ს სიტყვების ნაწილიც. წიგნში ასევე მოცემულია ჩანართები ჩინური იეროგლიფებისა და ფონეტიკური ცხრილებით, ასევე მოკლე ცნობები ჩინეთის კულტურის შესახებ.

წიგნზე მუშაობდნენ ჩინური ენის კვალიფიციური ქართველი და ჩინელი სპეციალისტები, რომლებიც ასწავლიან თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტსა (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) და კონფუცის ინსტიტუტში.

პრეზენტაციის შემდეგ კონკურსი „ჩინური ენის ხიდი“ ჩატარდა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.

კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისგან: ჩინურ ენაზე მოხსენება, კითხვა-პასუხი ჩინეთის შესახებ და შემოქმედებითი ნაწილი.

გამარჯვებული მოსაწავლეები ჩინეთში გაემგზავრებიან.

ერთი კვირის შემდეგ იგივე კონკურსი უკვე სტუდენტებისთვის გაიმართება.