ელენე ფილფანი სწავლას Lund University-ში აგრძელებს
04 ოქტომბერი 2023
თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული ელენე ფილფანი სწავლას შვედეთში, Lund University-ში აგრძელებს მეწარმეობისა და ინოვაციის სამაგისტრო პროგრამაზე. ელენემ Lund University Global Scholarship programme-ის დაფინანსება მოიპოვა.
"2018 წელს მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლაში ჩაბარება უბრალო მიზეზით გადავწყვიტე - რამდენადაც ვიცოდი ყველაზე მრავალფეროვანი პროგრამა იყო და, იმედი მქონდა, ჩემს ბევრ ინტერესში ცოდნის გაღრმავებით, ფოკუსის დავიწროებაში დამეხმარებოდა. თუმცა, უნივერსიტეტი დავასრულე იმაზე მეტი გატაცებით, ვიდრე დავიწყე და რადგან პრიორიტეტების დალაგების უნარი არ აღმომაჩნდა, ბოლო კურსებზე ჩემს ძირითად პრობლემად დღეში მხოლოდ 24 საათის არსებობა იქცა - რანაირად მომესწრო ყველა ინტერესისთვის თავი მიმეძღვნა?
გამოსავალი (იმედი მაქვს რეალური და არა მოჩვენებითი) ჩემს კურსელებთან ურთიერთობამ მაპოვნინა - მათთან საუბარი ხშირად იმაზე მრავლისმომცემი და შთამაგონებელი იყო, ვიდრე წიგნის მარტო ფურცვლა. და, რაც მთავარია, ბევრად უფრო სწრაფიც! გამიმართლა, რომ საუნივერსიტეტო წლები ასეთ გონიერ და მრავალმხრივ ნიჭიერ ადამიანთან გავატარე და მივხვდი, რომ არ იყო საჭირო ყველაფერს მარტო შევჭიდებოდი - სწავლა სხვების მოსმენითა და საკუთარი ცოდნის გაზიარებით, თურმე (სისწრაფე იქით იყოს და), ბევრად ნაყოფიერი, საამო და სახალისოა.
ამ სენტიმენტმა მეოთხე კურსის დასაწყისში, თან შემთხვევით, თან გამიზნულად და დანამდვილებით ჩემს კურსელ, ანი კახიძესთან გაუჩერებელი მსჯელობის საფუძველზე, მასთან ერთად საგანმანათლებლო ორგანიზაციის დაფუძნებაში პოვა პრაქტიკული გამოხატულება. რა-რა და მართვაზე ჩაბარებისას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ მართლა რამის მართვას მოვკიდებდი ხელს. სიმართლე ითქვას, ეს ჩემი ბუნებრივი მოწოდება არცაა. თუმცა ამჟამად ზემოთ აღწერილ დილემასთან გასამკლავებლად ერთადერთ რეალურ გზად ჩვენი ორგანიზაცია მესახება. ამ აზრს მიმყარებს პროექტზე მუშაობის უკვე თითქმის 2-წლიანი გამოცდილებაც. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ანის და ჩემი იდეა ამდენ ნიჭიერი ადამიანს აიყოლიებდა. დასაწყისშივე არაერთი თანამოაზრე შემოგვიერთდა და უამრავი ადამიანი გვერდში დაგვიდგა. ამისთვის თითოეული მოხალისის, მრჩევლის, მსმენელისა თუ მოსწავლის უზომოდ მადლიერი ვარ. ახლა, ჩვენი მასშტაბების ნელ-ნელა ზრდასთან ერთად, გადავწყვიტე ჩემი ბაკალავრის “საზოგადოებრივი მეცნიერებების” ნაწილი ცოტა ხნით გვერდზე გადავდო და “მართვისას” უფრო სერიოზულად მივუდგე."

მსგავსი სიახლეები

31 მაისი 2023
ანა რურუა ვენაში, Central European University - CEU-ში სწავლობს

14 აპრილი 2023
ელენე რამინაშვილი სწავლას ბრიუგეში, College of Europe-ში აგრძელებს

07 ივნისი 2023
ირაკლი მაჭარაშვილი სწავლას University of Missouri-ში გააგრძელებს

10 აპრილი 2023
თათა ჯაღიაშვილი The New School-ში სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას

23 ივნისი 2023