გამოიცა ნიკოლოზ ალექსიძის ახალი წიგნი
11 ივნისი 2024
გამოიცა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანის, პროფესორ ნიკოლოზ ალექსიძის ახალი წიგნი: Sanctity, Gender and Authority in Medieval Caucasia (Edinburgh University Press, June 2024).
“წიგნის იდეა ჩაისახა და განვითარდა 2014-2018 წლებში, როდესაც ვმუშაობდი ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ასოცირებულ მკვლევრად და ასევე ვიყავი პემბროკის კოლეჯის თანამშრომელი. ოთხი წლის მანძილზე, სხვა კოლეგებთან ერთად, შეხება მქონდა უამრავ ბერძნულ, ლათინურ, კოპტურ, სირიულ, სომხურ და ქართულ ენებზე შესრულებულ გვიანანტიკურ ტექსტთან.
Trinity College-ში კი ყოველკვირეულ სემინარებზე ვარჩევდით და ვმსჯელობდით სხვადასხვა საკულტო პრაქტიკაზე (წმინდათა კულტი, მათი თაყვანისცემის თეორიები და პრაქტიკები, ადგილობრივ ვარიაციები და ა.შ.) გვიანანტიკური ბრიტანეთის კუნძულებიდან ირანამდე. ამ სემინარების დროს გამოიკვეთა, რომ ამიერკავკასიას, ანუ სომხეთს, საქართველოსა და კავკასიის ალბანეთს განსაკუთრებით ახასიათებდა წმინდანთა კულტების ერთგვარი გაპოლიტიკურება და მათი ინტეგრაცია პოლიტიკურ და ძალაუფლების ლეგიტიმაციის დისკურსებში. დიდებულები, მეფეები და სხვადასხვა მმართველი დინასტიის წარმომადგენლები ეძიებდნენ, აგროვებდნენ, აწყობდნენ პომპეზურ მსვლელობებს წმინდანების სხეულებით ან უფრო ხშირად სხეულის ნაწილებით და იყენებდნენ ამ სხეულის ნაწილებს პოლიტიკურ მიზნებისთვის. ზოგჯერ ამ პრაქტიკებს ერთგვარი პოლიტიკური წინააღმდეგობის ფუნქციაც ჰქონდა, განსაკუთრებით ზოროასტრული ირანის წინააღმდეგ. წმინდანებისა და პოლიტიკის გადაჯაჭვა დაიწყო გვიან ანტიკურობაში და დღემდე რჩება გავრცელებულ პრაქტიკად, როგორც საქართველოში, ისე სომხეთში.
მოცემულ წიგნში, როგორც სათაურიდანაც ჩანს, განხილულია სამი კულტურული ფენომენის თუ რიტორიკის თანაკვეთა: სიწმინდის, პოლიტიკური ლეგიტიმაციისა და, რაც წიგნის განსაკუთრებული ფოკუსია - გენდერის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთავარი კითხვაა, თუ როგორ ხდება წმინდანთა კულტის ინტეგრაცია პოლიტიკურსა და ძალაუფლების ლეგიტიმაციის რიტორიკაში და რა ცვლილებებს განიცდის ეს რიტორიკა, როდესაც დამატებით ფაქტორად ამა თუ იმ წმინდანის ან წმინდა ნაწილების სქესიც ჩნდება. როგორც იკვეთება, ეს დამატებითი ფუნქცია, ყველაზე ხშირად სწორედ შუამავლობაა, როგორც სხვადასხვა პოლიტიკურ ცენტრებსა და ძალებს, ისე სხვადასხვა ეპოქას, თუ მეტაფიზიკურ წესრიგს შორის. წიგნის განხილულია სამი ქრონოლოგიურად დაცილებული ეპოქა: ე.წ. გვიანი ანტიკურობა, შუა საუკუნეები და ახალი ეპოქა, როდესაც ქართველებსა და სომხებს რუსეთის იმპერიის ძალაუფლების რიტორიკის პირისპირ მოუწიათ დარჩენა. წიგნი არის ერთგვარი პოლიტიკური ისტორია ამიერკავკასიის ქვეყნების, ოღონდ მოთხრობილი სწორედ ამ წმინდა ნაწილების პრიზმიდან.”