GE

კონკურს „დანაშაული და სამართალის" ფინალი სააპელაციო სასამართლოშ ჩატარდა

01 ივნისი 2015

აბიტურიენტთა კონკურსის „დანაშაული და სამართალი" ფარგლებში იმიტირებული სასამართლო პროცესები 30 და 31 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა. შეჯიბრის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ. შეჯიბრის ბოლო ეტაპზე, იმიტირებულ პროცესებში სულ 53-მა აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა. მათ კონკურსში დარეგისტრირების შემდეგ წარმატებით გაიარეს გასაუბრება, ხოლო შემდეგ - შესაბამისი ტრენინგი.

შეჯიბრის მიმდინარეობისას გუნდებმა ომის დანაშაულზე მოცემულ საქმეზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები წარმოადგინეს. მოსამართლეების როლი საქართველოს სხვადასხვა სასამართლოს რეალურმა მოსამართლეებმა, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორებმა და წარმატებულმა პრაქტიკოსმა იურისტებმა შეასრულეს.

შეჯიბრის ნახევარფინალში საუკეთესო შედეგების მქონე ოთხი გუნდი გადავიდა, ხოლო ფინალში ერთმანეთს ორი გუნდი დაუპირისპირდა.
საბოლოოდ გამარჯვება #12 გუნდმა მოიპოვა, რომელიც ფინალში დაცვის მხარეს წარმოადგენდა. ფინალში გამარჯვებული აბიტურიენტები არიან: ქეთი გორდეზიანი, მარიამ ბეროშვილი, ნინო მოდრეკილაძე და თამაზ ჭარელაშვილი. შეჯიბრში მათი მწვრთნელი ნინო ლომინაძე იყო.

მას შემდეგ, რაც გამარჯვებული გუნდის წევრები თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან, ისინი ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან.
ასევე დაჯილდოვდნენ მეორე ადგილზე გასული ფინალისტები: მარიამ თინაშვილი, სალომე ონაშვილი, სესე ხატიაშვილი, თამარ გოგუაძე და მარიამ ყაველაშვილი. მათ თავისუფალი უნივერსიტეტის ერთი წლის სწავლის საფასურის ოდენობით სასწავლო გრანტი გადაეცათ.

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მეორე წელია აბიტურიენტებისთვის შეჯიბრს „დანაშაული და სამართალი" ატარებს. პირველი შეჯიბრის გამარჯვებულები უკვე თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროგრამაზე წარმატებით სწავლობენ.