საჯარო სემინარი: "ჩიყვი და იოდის ნაკლებობა XIX-XX საუკუნეების სვანეთში"
08 ნოემბერი 2024
კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა მეხსიერების და შფოთვის კვლევის ლაბორატორიის საჯარო სემინარი: "ჩიყვი და იოდის ნაკლებობა XIX-XX საუკუნეების სვანეთში: როგორ იყენებენ იმპერიები დაავადებებს პოლიტიკურ იარაღად." მომხსენებელი იყო თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული ოთარ გულბანი.
რუსეთის იმპერიული ექსპანსია კავკასიისკენ იყო სისხლიანი და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც განაპირობა, ერთის მხრივ, მიუწვდომელმა მთიანმა რელიეფმა და, მეორე მხრივ, ადგილობრივების „ველურმა“ ბუნებამ. სამხედრო კამპანიებთან ერთად, მეცნიერულ ნაშრომებსა და ლიტერატურაში განმეორებადი ტროპებისა და დისკურსის დახმარებით იმპერია ცდილობდა კავკასიელთა იდენტობის გარდაქმნას. ამავე კონტექსტში, სვანეთი, საქართველოს მთიანი რეგიონი, ხდება რუსული ორიენტალისტური დისკურსის ობიექტი. რუსული ორიენტალიზმი სვანეთში ემსახურებოდა ტერიტორიული ექსპანსიის ლეგიტიმაციას სვანებსა და იმპერიულ სუბიექტს შორის ბიოლოგიური განსხვავებების „წარმოებითა“ და ხაზგასმით (rule through difference). „ბატონი ოლდეროგე მოწმობს, რომ ახალგაზრდა თაობაში ამჟამად კრეტინიზმი ჭარბობს და, შესაბამისად, სვანური ტომის დეგენერაცია სწრაფად მიმდინარეობს“ - აღნიშნავს სვანეთში მოგზაური მეცნიერი ივანე აკინფიევი 1893 წელს. ჩიყვი და იოდის დეფიციტის სინდრომი (იგივე კრეტინიზმი) იმპერიისთვის სვანეთის ჩამორჩენილობის სიმბოლოდ ითვლებოდა.
თბილისისა და მესტიის არქივებში მოპოვებულ პირველად წყაროებზე დაყრდნობით, ავტორი განიხილავს თუ როგორ იყენებდნენ იმპერიები დაავადებებს პოლიტიკურ იარაღად. ამასთანავე, იგი შეადარებს ერთი შეხედვით შეპირისპირებულ იმპერიულ (production of difference) და საბჭოთა (eradication of difference) მმართველობის ტექნიკებს და გამოკვეთს, თუ როგორ ირღვევა მათ შორის განსხვავებები მაშინ, როცა საქმე სვანეთში ჩიყვს ეხება.
ოთარ გულბანმა დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა. მან პროფესორი ნუცა ბათიაშვილის ხელმძღვანელობით დაიცვა თეზისი სახელწოდებით “რუსული იმპერიული ორიენტალიზმი სვანეთში”. 2022 წელს მან ჩააბარა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც გააგრძელა კვლევის ხაზი და წარმატებით დაიცვა თეზისი “Backward and Deficient: Exploring Soviet Imaginations and the Modernization of Svaneti, 1920-1930s”.