ქეთუნა დანელია ჰარვარდის უნივერსიტეტში მკვლევარის პოზიციაზე აგრძელებს საქმიანობას
16 ოქტომბერი 2026
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული ქეთუნა დანელია ჰარვარდის უნივერსიტეტში მკვლევარის პოზიციაზე აგრძელებს საქმიანობას.
ქეთუნამ მაგისტრატურა და დოქტორანტურა ემორის უნივერსიტეტში, თეორიული ბიოფიზიკის მიმართულებით დაასრულა.
ქეთუნას სადოქტორო კვლევა ცოცხალ ორგანიზმებში ინფორმაციის დამუშავების სიზუსტის ფუნდამენტურ ფიზიკურ საზღვრებს ეხებოდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ემბრიონის განვითარების პროცესს, რომლის დროსაც ხმაურიანი მოლეკულური სიგნალების მიუხედავად, საოცარი სიზუსტით ყალიბდება რთული ორგანიზმი.
მან თავის დისერტაციაში აჩვენა, როგორ შეუძლიათ ცოცხალ სისტემებს მოლეკულურ სიგნალებში არსებული კანონზომიერებების გამოყენებით ინფორმაციის უფრო ზუსტად დამუშავება და რა ფიზიკური მექანიზმები ზღუდავს ამ სიზუსტეს. მიღებული შედეგები გვეხმარება უკეთ გავიგოთ, როგორ აღწევენ ბიოლოგიური სისტემები ასეთ სიზუსტესა და საიმედოობას, მიუხედავად იმისა, რომ მათ საფუძვლად ბუნებით შემთხვევითი მოლეკულური პროცესები უდევს.
ემორის უნივერსიტეტში მეცნიერების დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ ქეთუნა კვლევით საქმიანობას ჰარვარდის უნივერსიტეტსა და Mass General Brigham-ის სამედიცინო-კვლევით სისტემაში აგრძელებს. ამჯერად მისი ინტერესის სფერო ფიზიკის მეთოდების გამოყენებით ადამიანის ჯანმრთელობისა და დაავადებების შესწავლაა.
ეს კვლევა თეორიულ და მექანისტურ მოდელირებას მანქანური სწავლების მეთოდებთან გააერთიანებს, რათა უკეთ გავიგოთ დაავადებების განვითარების მექანიზმები, რა ცოდნის მიღება შეგვიძლია ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ დაგროვებული უზარმაზარი მონაცემებიდან და როგორ შეიძლება ფიზიკა ამ კომპლექსური ბიოლოგიური პროცესების ახსნასა და პროგნოზირებაში დაგვეხმაროს.
ქეთუნასთვის განსაკუთრებით ღირებულია ისეთ საკითხებზე მუშაობა, რომელთა უკეთ შესწავლასაც ადამიანების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია.
მსგავსი სიახლეები
20 მაისი 2023
გურამ ქართველიშვილმა აშშ-ში, საინვესტიციო ფონდ Millennium Management-ში დაიწყო მუშაობა
28 მარტი 2016
თორნიკე ღუტიშვილი სწავლას აშშ-ში, University of Maryland-ში გააგრძელებს
17 მაისი 2023
მარიამ მჭედლიძე Master program in Astrophysics and Space Science-ზე აგრძელებს სწავლას
13 აგვისტო 2023
ლუკა დვალაძე Kansas State University-ში სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას
11 თებერვალი 2020